გია ვოლსკი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ შეჯიბრია, ვის უფრო მეტი რესურსი აქვს რევოლუციური პროცესის განვითარებისთვის, დესტრუქციისა და დესტაბილიზაციისთვის
გია ვოლსკი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ შეჯიბრია, ვის უფრო მეტი რესურსი აქვს რევოლუციური პროცესის განვითარებისთვის, დესტრუქციისა და დესტაბილიზაციისთვის

„ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პრობლემაა „ერთგულება“ იმ პრინციპისადმი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა დიდი ხნის წინ გაახმოვანა, რომ ხელისუფლების ცვლილება არანაირი არჩევნებით არ არის შესაძლებელი, თუ არ იქნება რევოლუციური პროცესების განვითარება. ამის მაგალითი არაერთხელ ვიხილეთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ შეჯიბრია იმაზე, ვის უფრო მეტი რესურსი აქვს რევოლუციური პროცესის განვითარებისთვის, დესტრუქციისა და დესტაბილიზაციისთვის.

„შიდაპარტიული დაპირისპირება იმაზე არ მიმდინარეობს, თუ ვინ უფრო შესთავაზებს საქართველოს ქვეყნის განვითარების პერსპექტივას. შეჯიბრია იმაზე, ვის უფრო მეტი რესურსი აქვს რევოლუციური პროცესის განვითარებისთვის, ასევე დესტრუქციისა და დესტაბილიზაციისთვის“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ვოლსკის თქმით, ეს პროფესიონალებმა უნდა შეაფასონ.

„მისი საზღვარგარეთ გადაყვანაზე მოთხოვნა სულ თავიდან ისმის, თუმცა ჩვენი ჯანდაცვის სისტემა იმის შესატყვისია, რაც შეიძლება, პატიმარ სააკაშვილს ჰქონდეს. თუ რაიმე ისეთი დიაგნოზია, რაზეც ქართული ჯანდაცვის სისტემა უძლურია, ამაზე პროფესიონალებმა უნდა იმსჯელონ და არა პოლიტიკოსებმა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.