გია ვოლსკი - მყარი პოზიცია გვიკავია, როცა საქართველოს და ნატო-ს ურთიერთობაზე ვლაპარაკობთ, ვინც ამ თანამშრომლობის ხარისხს ვერ ხედავს, თვალთმაქცობს ან საქართველოს დაზიანება განუზრახავს
გია ვოლსკი - მყარი პოზიცია გვიკავია, როცა საქართველოს და ნატო-ს ურთიერთობაზე ვლაპარაკობთ, ვინც ამ თანამშრომლობის ხარისხს ვერ ხედავს, თვალთმაქცობს ან საქართველოს დაზიანება განუზრახავს

ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და არა მარტო, საკმაოდ მყარი პოზიცია გვიკავია, როდესაც საქართველოს და ნატო-ს ურთიერთობაზე ვლაპარაკობთ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

გია ვოლსკის კითხვა დაუსვეს ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბრატისლავაში, უსაფრთხოების ფორუმზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც პრემიერმა აღნიშნა: „ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება და განზრახვა, გამხდარიყო ნატო-ს წევრი“.

გია ვოლსკის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას საკმაოდ უკმეხი ინტერპრეტაცია მოჰყვა.

„არა მარტო პრემიერი, უამრავი მსოფლიო დონის ექსპერტი საუბრობდა, დაწყებული რომის პაპიდან, ნატო-ს გენერალური მდივნით დამთავრებული, რომ რუსეთის აგრესიის მიზანი სწორედ ეს იყო, ისევე, როგორც 2008 წელში განაცხადა რუსეთმა, რომ აგრესია მიმართული იყო საქართველოს წინააღმდეგ, ნატო-ს გაფართოების წინააღმდეგ და მაშინ არავის ხმა არ ამოუღია. ეს არ არის თემა, რითიც ჩვენ ვეწინააღმდეგებით სტრატეგიას, რომელიც უკვე გვაქვს კონსტიტუციაში ჩაწერილი. გარდა ამისა, სულ ახლახან ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააკეთა განცხადება, რომ მიზეზი იყო ევროპულ ოჯახთან უკრაინის დაახლოების პროცესი. თუკი ისეთ ინტერპრეტაციას გავაკეთებთ, როგორც ნაცრევკომმა გააკეთა, გამოდის, რომ ევროკომისიის თავმჯდომარე ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისკენ არ მოგვიწოდებს და რუსეთი თავს არ დაგესხათო, გვაფრთხილებს? ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და არა მარტო, საკმაოდ მყარი პოზიცია გვიკავია, როდესაც საქართველოს და ნატო-ს ურთიერთობაზე ვლაპარაკობთ. ნებისმიერი ადამიანი თუ პოლიტიკოსი, ვინც ამ თანამშრომლობის ხარისხს ვერ ხედავს, თვალთმაქცობს ან საქართველოს დაზიანება განუზრახავს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.