გია ვოლსკი - მთელი რიგი ქვეყნებია, რომლებიც ობიექტურ პოზიციაზე დგანან, მათ შორის ანტიდემოკრატიული ნარატივის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრად გამოდიან უნგრეთი და სლოვაკეთი
გია ვოლსკი - მთელი რიგი ქვეყნებია, რომლებიც ობიექტურ პოზიციაზე დგანან, მათ შორის ანტიდემოკრატიული ნარატივის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრად გამოდიან უნგრეთი და სლოვაკეთი

იტალიამ სანქციების მხარდაჭერისგან თავი შეიკავა, ლიხტენშტაინმა მასალები მოითხოვა, სადაც შეიძლება არჩევნები გაყალბებულად ჩაითვალოსო. მთელი რიგი ქვეყნებია, რომლებიც მხარს არ უჭერენ და ობიექტურ პოზიციაზე დგანან, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ანტიდემოკრატიული ნარატივის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრად გამოდიან უნგრეთი და სლოვაკეთი.

ამასთან, გია ვოლსკის განმარტებით, ოპოზიციისთვის ყველა პრორუსია, ვისი მოსაზრებებიც ფსევდოლიბერალურ და ფაშისტურ ნარატივს არ ემთხვევა.

„სულ ახლახან „ნაცმოძრაობამ“, ძველმაც და ახალმაც, სალომე ზურაბიშვილმაც ხაზი გაუსვეს, რომ დონალდ ტრამპი რუსული პროექტია და რუსეთის ჩართულობით წარიმართებოდა ამერიკაში არჩევნები. ეს სალომე ზურაბიშვილმა „როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა. იქამდე ტრამპი ისეთი სიტყვებით ლანძღეს, რომ ამის გამეორებაც შეუძლებელია. ამერიკაში ახალი ადმინისტრაციის წევრებიც დაასახელეს, როგორც რუსეთის აგენტები. უფრო მეტიც, იმ ორგანიზაციის მომავალი დირექტორი, რომელიც მთელი უსაფრთხოების უშველებელი სისტემის კოორდინაციას მოახდენს, უკრაინელების მიერ შეტანილია პერსონა ნონგრანტთა სიაში და სანქციები აქვს დაწესებული იმის გამო, რომ არ უნდა, მსოფლიო ომის ქარ-ცეცხლმა ჩაყლაპოს. მეტი რაღა უნდა ითქვას? რა გვიკვირს, ფიცოს და ორბანის წინააღმდეგ თუ აკეთებენ განცხადებებს. მათთვის ყველა პრორუსია, ვინც ფსევდოლიბერალურ და ფაშისტურ ნარატივს არ ემთხვევა. ამათ „ომის პარტიაც“ ჰქვიათ და უსამშობლოთა გაერთიანებაც. იტალიამ თავი შეიკავა, ლიხტენშტაინმა მასალები მოითხოვა, სადაც შეიძლება არჩევნები გაყალბებულად ჩაითვალოსო. მთელი რიგი ქვეყნებია, ვინც ამას მხარს არ უჭერენ და ობიექტურ პოზიციაზე დგანან, მათ შორის ანტიდემოკრატიული ნარატივის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრად გამოდიან უნგრეთი და სლოვაკეთი. რა გადაწყვეტილებებსაც ჩვენ მიმართ იღებენ, ამას არანაირი კავშირი არ აქვს არც საგარეო კურსთან და არც არჩევნებთან“, – აღნიშნა გია ვოლსიკიმ.