გია ვოლსკი - მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა დამყარებულია არა პოლიტიკურ ნიშნებზე, არამედ ღრმა მეცნიერულ ანალიზზე და სიტუაციის შეფასებაზე
მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა დამყარებულია არა პოლიტიკურ ნიშნებზე, როგორც ეს სჩვევიათ ჩვენს ოპონენტებს, არამედ ღრმა მეცნიერულ ანალიზზე და სიტუაციის შეფასებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, ამ გეგმის განხილვა დეტალურად მოხდა, არ არის დარგი და თემა, რომელიც პასუხის გარეშე დარჩა.
„რასაკვირველია, ჩვენ არ უნდა ველოდოთ ეკონომიკურ ბუმს და ეს გეგმა არის სწორედაც ჩამოყალიბებული იმდენად, რამდენადაც პანდემიამ განაპირობა კრიზისი. კრიზისი არის ღრმა და ეს კრიზისი შეიძლება კიდევ უფრო გამწვავდეს, ქვეყნებმა თავი უნდა გადაირჩინონ. საქართველო მცირე რესურსების მქონე ქვეყანაა და მცირე რესურსებით უნდა გადაირჩინოს თავი და გამოვიდეს უმძიმესი მდგომარეობიდან. არავინ უნდა დაუშვას, რომ ეს გეგმა ან განცხადებები არის რაიმენაირად დაკავშირებული პოზიტიურ პროცესებთან, ეს არის საგანგებოდ მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებული გეგმა და არის პროფესიონალურად გამართული. ჩვენ უნდა გადავრჩეთ როგორც ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკურად“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.