გია ვოლსკი - მთავარი მონაპოვარი ამ ხნის განმავლობაში არის სტაბილურობის  და ზრდის ტემპის შენარჩუნება სოციალური პრობლემების მოგვარების განუხრელ ინტენსივობასთან ერთად
გია ვოლსკი - მთავარი მონაპოვარი ამ ხნის განმავლობაში არის სტაბილურობის და ზრდის ტემპის შენარჩუნება სოციალური პრობლემების მოგვარების განუხრელ ინტენსივობასთან ერთად

მთავარი მონაპოვარი ამ ხნის განმავლობაში არის სტაბილურობის და ზრდის ტემპის შენარჩუნება სოციალური პრობლემების მოგვარების განუხრელ ინტენსივობასთან ერთად, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გიორგი ვოლსკიმ ის შედეგები, რაც ქვეყანას „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის შვიდი წლის თავზე აქვს.

დეპუტატის განცხადებით, შედეგები არ არის იდეალური და ვერც იქნება იმ პირობებში, როდესაც ბენეფიტების მიმღები ადამიანების რაოდენობა ჯერ კიდევ აჭარბებს გადასახადების გადამხდელთა რიცხვს, თუმცა, მისივე თქმით, რთული, მაგრამ პრაგმატული გადაწყვეტილებებით ხელისუფლებამ შეძლო ქვეყანაში სტაბილურობის უზრუნველყოფა და აირიდა ისეთი უარყოფითი შედეგები, რომლის გადატანაც სახელმწიფოს გაუჭირდებოდა.

უმრავლესობის ლიდერმა ყურადღება გაამახვილა კოჰაბიტაციის პროცესზე, მის საჭიროებაზე და მისგან გამომდინარე შედეგებზე.

„კოჰაბიტაცია დაერქვა ერთად ყოფნის აუცილებლობას. ჩვენმა პარტნიორებმა, ვისთანაც ურთიერთობა აუცილებლად უნდა განვითარებულიყო, ეს ევროპა იქნებოდა თუ ამერიკის შეერთებული შტატები, გვითხრეს, რომ კოჰაბიტაცია, ანუ თანაცხოვრება უნდა შეძლოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დამნაშავე არ უნდა დაისაჯოს. დასჯილ დამნაშავეთა რაოდენობას თუ ავიღებთ და რაოდენობით ვიმსჯელებთ მხოლოდ, შესაძლოა, ცოტაც არის, მაგრამ შესაძლოა, პატარა საქართველოსთვის კრიტიკულიც არის ის მასა, რომელიც დღემდე იხდის სასჯელს ან გაქცეულია და ეძებენ. თვითონ კოჰაბიტაციის იდეა შეიცვალა და უფრო იმ დათმობას დაერქვა, რომელსაც რეალურად ადგილი არ უნდა ჰქონოდა. ბიძინა ივანიშვილმა თქვა კარგად, მათ ისე კი არ მოვექცევით, როგორც იმსახურებენ, არამედ როგორც ჩვენი საზოგადოების ინტერესები მოითხოვს. ყველას პასუხი უნდა მოეთხოვოს და მიეცეს თავისი დამსახურების მიხედვით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.