გია ვოლსკი - მაია სანდუს გარდა, განცხადებები სხვებმაც გააკეთეს, მათ პასუხისმგებლობა უნდა აიღონ ქართველი ხალხის წინაშე, რომელსაც იმას უპირებდნენ, რაც 2013 წელს უკრაინაში ვიხილეთ
გია ვოლსკი - მაია სანდუს გარდა, განცხადებები სხვებმაც გააკეთეს, მათ პასუხისმგებლობა უნდა აიღონ ქართველი ხალხის წინაშე, რომელსაც იმას უპირებდნენ, რაც 2013 წელს უკრაინაში ვიხილეთ

ვიხილეთ, რას ნიშნავს „მშვიდობიანი დამხობა“ „ნაცმოძრაობის“ შესრულებით. სადავეები მათ აიღეს და შეტევაც მათ განახორციელეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის 4 ოქტომბერს თბილისში, აქციაზე განვითარებულ მოვლენებზე დაუსვეს კითხვა.

„მსოფლიოში არ არსებობს დემოკრატიული ქვეყანა, სადაც პოლიტიკურ პარტიებს შორის დაპირისპირება არ არის, თან მწვავე და ხისტი გამონათქვამები. არჩევნებში დამარცხებულ უმცირესობას ილუზია როცა აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო უწყებები მათ ეკუთვნით და არჩევნებში მარცხის შემდეგ იქ ძალით უნდა შეიჭრან, ასეთი ცნება არ არსებობს.  წითლიძემ თქვა, პრეზიდენტის სასახლე ხალხს ეკუთვნისო. ამ ქვეყანაში თურმე არავინ არსებობს, წითლიძის პარტიის მხარდამჭერების გარდა. ეს არის აბსურდი, რაც უნდათ, არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობას, არამედ მოკავშირეებსაც დააჯერონ. როგორც ჩანს, მათ თავად კარნახობენ ასეთ ფორმულირებებს შეუმდგარ რევოლუციაზე. რაც შეეხება უცხოელებს, მაია სანდუს გარდა, განცხადებები სხვებმაც გააკეთეს. ამ ადამიანებმა საკუთარ თავზე უნდა აიღონ პასუხისმგებლობა შედეგებზე, რაც დადგა, ასევე, იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც ციხის გზას გაუყენეს და შეუმდგარ რევოლუციაზე, რომელიც სისხლისღვრას ითვალისწინებდა, მაგრამ არ შედგა. პასუხისმგებლობა უნდა აიღონ ქართველი ხალხის წინაშე, რომელსაც იმას უპირებდნენ, რაც 2013 წელს უკრაინაში ვიხილეთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.