გია ვოლსკი - მოსკოვს საქართველოში დესტაბილიზაციისთვის თუ რამე ბერკეტი აქვს, ეს „ნაცმოძრაობა“ და ის ხალხია, ვინც მათ გარშემო ახვევია
გია ვოლსკი - მოსკოვს საქართველოში დესტაბილიზაციისთვის თუ რამე ბერკეტი აქვს, ეს „ნაცმოძრაობა“ და ის ხალხია, ვინც მათ გარშემო ახვევია

მოსკოვს თუ რამე რესურსი და ბერკეტი აქვს ხელში, ეს „ნაცმოძრაობა“ და ის ხალხია, ვინც მათ გარშემო ახვევია, სხვა რესურსი საქართველოში დესტაბილიზაციისთვის მათ არ აქვთ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ოპოზიციონერების განცხადებების პასუხად განაცხადა, რომლებიც ამბობენ, რომ ხელისუფლება ნიკა მელიასთან დაკავშირებით რუსეთის დაკვეთას ასრულებს.

ვოლსკის თქმით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებისა და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების ფონზე, ერთი პოლიტიკური ძალის გარდა, რომელსაც რევოლუცია სურს, არავის დაებადება აზრი, რომ დაძაბულობა არის კარგი.

„ამ სიტუაციაში რომელს დაებადება აზრი, რომ ეს დაძაბულობა არის კარგი, გარდა ერთი პოლიტიკური ძალისა, რომელიც 2013 წლიდან მოყოლებული გვეუბნება, რომ არავითარი არჩევნები, არამედ რევოლუცია უნდა მოხდეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით რუსეთს თავისი სტრატეგიული გეგმა აქვს.

„მოსკოვს თუ რამე რესურსი და ბერკეტი აქვს ხელში, ეს „ნაცმოძრაობა“ და ის ხალხია, ვინც მათ გარშემო ახვევია. სხვა რესურსი საქართველოში დესტაბილიზაციისთვის მათ არ აქვთ. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეს პროცესები პარალელურად წავიდეს. რეგიონში გავლენის მოპოვებაზეა საუბარი. აქ საუბარი ერთ კონკრეტულ ქვეყანაში მიმდინარე პროცესზე არ არის. მსოფლიო პროცესი მიმდინარეობს და ამაში რუსეთს თავის სტრატეგიული გეგმა გააჩნია. სულ ახლახან საუბარი დაიწყო ალტერნატიულ დერეფანზე, რომელსაც საქართველოს გავლით დერეფანი ხელს უშლის, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის უშველებელი მნიშვნელობისაა. ვის სჭირდება დესტაბილიზაცია, გადახედეთ. ეს იმდენად მარტივი თემებია, არ მგონია, ამაზე დამატებითი ახსნა დამჭირდეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.