გია ვოლსკი - მნიშვნელობა არა აქვს, რამდენი ადამიანი შეიკრიბა აქციაზე, გაცილებით მეტია იმ ადამიანების რიცხვი, ვის ოჯახებზე, ჯანმრთელობაზე და ღირსებაზე გადაირა რეჟიმმა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობდა
გია ვოლსკი - მნიშვნელობა არა აქვს, რამდენი ადამიანი შეიკრიბა აქციაზე, გაცილებით მეტია იმ ადამიანების რიცხვი, ვის ოჯახებზე, ჯანმრთელობაზე და ღირსებაზე გადაირა რეჟიმმა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობდა

მთელი საქართველოს მასშტაბით მობილიზება გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, მნიშვნელობა არა აქვს, 13 ათასი იყო, 14 თუ 15 ათასი, რუსული მედია საერთოდ იძახის, 100 ათას კაცამდე შეიკრიბა მოედანზეო, მნიშვნელობა აქვს იმას, რომ გაცილებით მეტი, ათჯერ მეტი, თუ მეტი არა, არიან ადამიანები, ვის გულზეც, ვის ოჯახებზეც, ჯანმრთელობაზე და ღირსებაზეც გადაირა იმ რეჟიმმა, რომელსაც ხელმძღვანელობდა სააკაშვილი და ნაწილი დანაშაულებებისთვისაც იგი იხდის სასჯელს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გია ვოლსკიმ „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელი აქციის შეფასებისას განაცხადა.

„ეს ერთი საკითხია, მეორე ასპექტი არის ის, რასაც სააკაშვილი აცხადებს, რომ მისი გათავისუფლება არის ახლა მთავარი ამ ეტაპზე, რათა მეორე ტურს ჩაუდგეს სათავეში. ეს თემა თითქოსდა დაიკარგა. მესამე საკითხია რუსული თემის ექსპლუატაცია, რომელმაც არათუ გაიჟღერა ათჯერ და ასჯერ, არამედ საერთოდ, ეს ჩამოყალიბდა როგორც ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული გეგმა „ნაციონალური მოძრაობის“, იმ მოძრაობისა, რომლის ლიდერმა და ლიდერებმაც ჩვენი ქვეყნის დიდი ნაწილი ჩააბარეს რუსეთს, რომლებმაც ხელი მოაწერეს იმ რეზოლუციას, სადაც წერია, რომ საქართველოს ბრალია ომის დაწყება და რუსეთი იძულებული იყო, მხოლოდ და მხოლოდ, თავი დაეცვა და საპასუხო მოქმედებები განეხორციელებინა, აი ეს.

მთლიანობაში, ეს სამი ასპექტი ძალიან აშკარად გამოიკვეთა დღეს ამ მიტინგზე. უამრავი ადამიანია, გინდა მიტინგზე მოსული და გინდა სხვა მხარდამჭერი, რომლებმაც ეს არ იციან. განსაკუთრებით ახალგაზრდებს უნდა შევახსენოთ. ეს არის სისხლიანი რეჟიმი, რომელმაც დახოცა ახალგაზრდები. თვალწინ მიდგას ის აჭარელი ახალგაზრდები, რომლებიც მოკლეს, საკონტროლო გასროლები, თავში ესროლეს არაფრის გამო, მათ გარშემო კიდე ავტომატებით დარბოდნენ და ხორხოცობდნენ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ – არამარტო ისინი, ვის მიმართაც ძალადობა განახორციელა რეჟიმმა, არამედ ისინიც, ვინც ამ ძალადობის განხორციელებაში ჩართეს და გადააქციეს კაციჭამიებად, მათ მიმართაც არის სერიოზული დანაშაული ჩადენილი. ცხოვრების სულ სხვა გზა შეეძლოთ, აერჩიათ ამ ადამიანებს, ვინც ჩაიდინა ეს დანაშაული. დღეს მეგის ქარდავას არ იცნობს, ვანო მერაბიშვილს აბრალებს იმ სისასტიკეს, რაც ხდებოდა და გიგი უგულავას აბრალებს კიდევ ეროვნულ ფასეულობებთან და ეკლესიასთან დაპირისპირებას. აი, ეს არის რეალობა, ამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.