გია ვოლსკი - მმართველმა გუნდმა მრავალფეროვანი პარლამენტისთვის ყველაფერი გააკეთა, პრაქტიკულად უპრეცედენტო შედეგიც მივიღეთ, ცხრა სუბიექტი პარლამენტში
გია ვოლსკი - მმართველმა გუნდმა მრავალფეროვანი პარლამენტისთვის ყველაფერი გააკეთა, პრაქტიკულად უპრეცედენტო შედეგიც მივიღეთ, ცხრა სუბიექტი პარლამენტში

„ქართული ოცნების“ წევრის, გია ვოლსკის განცხადებით, მმართველმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა, რომ მრავალფეროვანი პარლამენტი შემდგარიყო.

„პრაქტიკულად უპრეცედენტო შედეგებიც მივიღეთ – 9 სუბიექტი პარლამენტში. რასაკვირველია, პარლამენტია ის ადგილი, სადაც ერთად უნდა ვიმსჯელოთ და ერთად გამოვიდეთ იმ კრიზისიდან, რომელიც მსოფლიოს ემუქრება, შევინარჩუნოთ ის სტაბილურობა, რაც გაგვაჩნია.

არსებობენ პოლიტიკური სუბიექტები, რომელთაც სტაბილიზაციის არავითარი ინტერესი არ აქვთ, პირიქით, ცდილობენ, დესტრუქციული ქმედებებით როგორმე პოლიტიკური დივიდენტი მიიღონ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეხება მოლაპარაკების მესამე რაუნდს, ვოლსკი იმედოვნებს, რომ ის შედეგიანი იქნება.

„მონდომება და სურვილი, რომ შედეგი გამოიღოს, არის. პოლიტიკურ ველზე რთული მდგომარეობაა, მაგრამ ის, რასაც ჩვენი ოპონენტები ეძახიან პოლიტიკურ კრიზისს, პოლიტიკურ კრიზისს თუკი თავად შექმნიან, ამას ჰქვია ხელოვნურად შექმნილი კრიზისი პოლიტიკურ ველზე, რაც არ უკავშირდება იმ რესურს, რაც ხელისუფლებას გააჩნია, რომ ქვეყანა სამშვიდობოს გაიყვანოს.

ოპოზიცია რასაც საუბრობს, ეს არ არის რეალობასთან კავშირში და ლოგიკური საფუძველი მათ განცხადებებს არ გააჩნია. თუნდაც საგანაგებო საკითხების განხილვა, პარლამენტის ბოიკოტირება ნიშნავს, რომ არჩევნები არ აინტერესებთ. რიგგარეშეც რომ დაინიშნოს, არც ის აინტერესებთ. ჯერჯერობით სურათი ასეთია, ვიმედოვნებ, ხვალ ეს სურათი შეიცვლება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.