გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ სამართლებრივი შეცდომა დაუშვა
გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ სამართლებრივი შეცდომა დაუშვა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ მარიხუანის პირად მოხმარებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საფრთხის შემცველია.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან სამართლებრივი შეცდომაა დაშვებული.

„მგონია, რომ გადაწყვეტილება მთლად სამართლიანი არ არის და საფრთხის შემცველია. კანონი უნდა შესწორდეს, მაგრამ გაცილებით მეტი ყურადღება სამედიცინო დარგის სპეციალისტებს უნდა დაეთმოს. თუნდაც, ნარკოტიკული თრობის წინააღმდეგ პროპაგანდა უნდა იყოს წარმართული და შეზღუდვები მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს. ცოტა ხნის წინ, საკონსტიტუციო სასამართლომ 70 გრამამდე მარიხუანას ჯიბეში ტარება დააკანონა, რაც შეუსაბამოა იმ რეალობასთან, რაც გაგვაჩნია.

რეგულაციები უნდა შემოვიდეს, რომელიც სამსახურსა და ავტომობილების ტარების შემთხვევაში ადამიანების შესაძლებლობებს ზღუდავს. სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ სამართლებრივ ნაწილში საკონსტიტუციო სასამართლოს ლოგიკას ვერ ვხედავ და ეს ჩემი გულწრფელი აღსარებაა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

30 ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილებით, მარიხუანას მოხმარებისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა გაუქმდა.