გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ბოიკოტთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება არის საკუთარი ქვეყნის მიმართ საბოტაჟი
გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ბოიკოტთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება არის საკუთარი ქვეყნის მიმართ საბოტაჟი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის შეფასებით, ბოიკოტთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება რეალურად საკუთარი ქვეყნის მიმართ საბოტაჟია.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლით სურდათ, რევოლუციური სცენარი განევითარებინათ და ეს სცენარი არ იცვლება.

„რეგლამენტის გათვალისწინებით, „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას ბოიკოტი ჰქვია, მაგრამ პრინციპში, საბოტაჟია საკუთარი ქვეყნის მიმართ. მათ არც ერთ შემთხვევაში – არც ჯანდაცვისა და არც შინაგან საქმეთა სამინისტროს საკითხების საპარლამენტო განხილვებში მონაწილეობა არ მიუღიათ, არ ვფიქრობ, რომ მათი სტრატეგიული გეგმა შეიცვალა. მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლით უნდოდათ, რევოლუციური სცენარი განევითარებინათ. ეს სცენარი არ იცვლება და იმ მდგომარეობაში უნდათ სააკაშვილის ფაქტორის გამოყენება, როგორც ადრე უნდოდათ იმ ადამიანების, რომლებიც ქუჩაში ჩაუდგებოდნენ დესტაბილიზაციის გეგმას.

რაც შეეხება „ლელოს“, პარლამენტში განსახილველად შემოვა საგანგებო მნიშვნელობის თემები, მათ შორის ეროვნული უშიშროების კონცეფცია, „თავდაცვის კოდექსი“, ჰიბრიდული საფრთხეების თავიდან აცილების თემა და ა.შ. ამ საკითხებში ოპონენტებს უნდა ჰქონდეთ კომპეტენცია, რომ ჩაერთონ და იმუშაონ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.