გია ვოლსკი - მელიამ და გვარამიამ ჩათვალეს, რომ გაიმარჯვეს, მაგრამ ასე არ არის, სახელმწიფო ვალდებულია, სტაბილურობა შეინარჩუნოს ქვეყანაში
გია ვოლსკი - მელიამ და გვარამიამ ჩათვალეს, რომ გაიმარჯვეს, მაგრამ ასე არ არის, სახელმწიფო ვალდებულია, სტაბილურობა შეინარჩუნოს ქვეყანაში

თუ არ ვცდები, 40 დღემდე იშიმშილა ცოტნე გამსახურდიამ, სააკაშვილის პირადი პატიმარი ვარო, ისიც აცხადებდა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის საჭიროება აქამდე არ იყო.

„ჯერ მოუწოდებდნენ, გადაიყვანეთო, ახლა რომ გადაიყვანეს, აქამდე რატო არ გადავიყვანეთო. აქამდე არ იყო ამის საჭიროება. ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ არც გუშინ გადაყვანის საჭიროება არ იყო. თუ არ ვცდები, 40 დღემდე იშიმშილა ცოტნე გამსახურდიამ, სააკაშვილის პირადი პატიმარი ვარო, ისიც აცხადებდა. საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილია და რასაკვირველია, ამასთან დაკავშირებით არავის ყური არ შეუბერტყავს და არც თითი არ გაუნძრევია, რომ ის სადმე გადაეყვანათ. უშველებელი გამოცდილება გააჩნია იმ სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც 2012 წლის შემდეგ ნამდვილად გადაკეთდა პატიმართა სამედიცინო მომსახურების ცენტრად. შეიძლება და უშველებელი გამოცდილება გააჩნიათ მოშიმშილე პატიმრის მართვას, მაგრამ ის 500 კაცი იქნება თუ ცოტა მეტი, რომელიც მოითხოვს მიშას გადაყვანას, საერთაშორისო თანამეგობრობა, ვინც მოითხოვს მის გადაყვანას, მედიკოსები, ექსპერტთა გარკვეული ჯგუფი, რომელიც ცუდ პროგნოზს აკეთებს, რასაკვირველია უნდა იქნეს გათვალისწინებული“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, სახელმწიფო ვალდებულია, სტაბილურობა შეინარჩუნოს ქვეყანაში, „თუნდაც ეს გადაყვანა ჩაითვალოს ვიღაცის გამარჯვებად“.

„მელიამ და გვარამიამ ჩათვალეს, რომ გაიმარჯვეს ამ შემთხვევაში, მაგრამ ეს ასე არ არის. სახელმწიფომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც სჭირდება სიმშვიდეს და ნებისმიერი გართულების პრევენციას, რაც შეიძლება მოყვეს სააკაშვილის ჯანმრთელობის გართულებას.

ის ფაქტორიც გათვალისწინებული იქნა, რომ სხვა მოშიმშილეების მდგომარეობაც გაითვალისწინა შესაბამისმა სახელმწიფო სტრუქტურამ. რა არის ამაში დასაძრახი, არ მესმის. ნიშნის მოგებით, რატომ ლაპარაკობენ ამაზე, არ მესმის. არც აქამდე იყო და ბევრს ახლაც მიაჩნია, რომ არ იყო საჭირო გადაყვანა, მაგრამ არის რეალობათა ერთობლიობა, რომელიც სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს, თუკი უნდა რომ ქვეყანაში სტაბილურობა შეინარჩუნოს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.