გია ვოლსკი - მართვის სისტემა, რომელიც სააკაშვილმა დაამკვიდრა, არის სადისტური, გული მწყდება, რომ გახარია მათ რიგებში აღმოჩნდა
გია ვოლსკი - მართვის სისტემა, რომელიც სააკაშვილმა დაამკვიდრა, არის სადისტური, გული მწყდება, რომ გახარია მათ რიგებში აღმოჩნდა

მართვის სისტემა, რომელიც სააკაშვილმა დაამკვიდრა, არის სადისტური, გული მწყდება, რომ გახარია მათ რიგებში აღმოჩნდა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ გახარიასა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, აუცილებელია, რომ ქვეყანაში სტაბილურობა არსებობდეს, ხოლო სადისტური მმართველობა ნებისმიერი პოლიტიკური ფიგურისთვის ტოქსიკური უნდა იყოს.

„საერთოდ მართვის ის სისტემა, რომელიც სააკაშვილმა დაამკვიდრა უნდა შეფასდეს ერთი მოკლე ფრაზით, ეს არის სადისტური მმართველობის სისტემა. ვინც ამას განიცდის და გრძნობს, რასაკვირველია, იგივე დამოკიდებულება აქვს ნებისმიერთან, ვინც მას პოლიტიკურად ეთანამშრომლება. გული მწყდება, რომ გახარია მათ რიგებში აღმოჩნდა. მეორე საკითხია, რომ არსებობს მორალური ნაწილი ამ თემის და არსებობს საგანგებო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი ქვეყანა დღეს, რა პერსპექტივა აქვს. სტაბილურობა აუცილებელია. გუშინდელი სადისტური მმართველობა არის თემა, რაც უნდა იყოს ტოქსიკური ნებისმიერი პოლიტიკური ფიგურისთვის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

რა შეეხება IPSOS კვლევის შედეგებს, საკითხზე საუბრისას ვოლსკიმ განაცხადა, რომ დასახელებული ორგანიზაციის მიმართ ყოველთვის სკეპტიკური დამოკიდებულება ჰქონდა.

„საერთოდ ამ კვლევების მიმართ საკმაოდ სკეპტიკური დამოკიდებულება მქონდა. ძალიან მნიშვნელოვნია ის ფაქტორი, რომ გახარიას შეხვედრა, სააკაშვილთან ურთიერთობების თემა, ეს კვლევა საიდანღაც უცებ წამომხტარი, საკმაოდ სერიოზულ საფუძველს მაძლევს ვიფიქრო, რომ ყველაფერი გარკვეული სცენარით მიდის. რა გარემოებებთან არის დაკავშირებული ქვეყნის არასწორი მიმართულებით განვითარება, კვლევაში ეს გაშლილი არ არის და განგებ არის გაკეთებული. მეორეც, ჩვენი ადგილი საერთაშორისო ასპარეზზე სულ სხვა რამეზე მეტყველებს, რაც IPSOS  ნამდვილად არ უწერია“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

დატოვე კომენტარი