გია ვოლსკი - ჩვენი პოლიტიკური ძალის არსი ის ფასეულობებია, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა, ტრაგედიაა, თუ ვინმესთვის ეს პრორუსულობის მაჩვენებელია
გია ვოლსკი - ჩვენი პოლიტიკური ძალის არსი ის ფასეულობებია, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა, ტრაგედიაა, თუ ვინმესთვის ეს პრორუსულობის მაჩვენებელია

ჩვენი პოლიტიკური ძალის არსი სწორედ ის ფასეულობებია, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა. დიდი ტრაგედიაა, თუ ვინმესთვის ეს  პრორუსულობის მაჩვენებელია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC) ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

ვოლსკის თქმით, არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა საწინააღმდეგო პოზიცია ტოლერანტობაზე, უმცირესობების უფლებების დაცვაზე და ეს ყველაფერი კონსტიტუციაში წინა პლანზეა წამოწეული.

„განა ახალია რამე იმაში, რომ ეროვნული ფასეულობები, ისტორიული მემკვიდრეობა, ტრადიციები საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის არის ის, რასაც მხარს უჭერს და მისთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანია. ილია ჭავჭავაძეს ლიბერალს ეძახდნენ, მაგრამ მისი ლოზუნგია: მამული, ენა, სარწმუნოება. ამ ლოზუნგის იქით ჩვენი პოლიტიკა არ წასულა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სადმე შეცდომა არ არის დაშვებული, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური ძალის არსი სწორედ ის ფასეულობებია, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა. თუ ვინმესთვის ეს თემა პრორუსულობის მაჩვენებელია, ეს არის დიდი ტრაგედია კონკრეტული ადამიანისთვის, ვინც ასე ფიქრობს. ეს არის არა მხოლოდ ადამიანური ტრაგედია, არამედ საზოგადოებისთვისაც საკმაოდ დამაზიანებელია. არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა საწინააღმდეგო პოზიცია ტოლერანტობაზე, უმცირესობების უფლებების დაცვაზე. კონსტიტუციაში წინა პლანზეა ეს ყველაფერი წამოწეული. ჩვენი ოპონენტების ნაწილის გააფთრებული მცდელობაა, ამ რეალობიდან წინააღმდეგობის წინაპირობა შექმნან მაშინ, როცა სამოქალაქო საზოგადოება ერთმანეთს დაუპირისპირდება გარკვეული ნიშნით და ეს ნიშანი, რაც უნდათ, ყალბმა და ცრუ ლიბერალებმა შემოგვაჩეჩონ, არის ის, რომ ერეკლე მეფე უნდა გამოვაცხადოთ მოღალატედ, აუცილებელია, ვაგინოთ პატრიარქსა და ეკლესიას. ლიბერალიზმთან გათანაბრებული ასეთი მიდგომა ქვეყნისთვის დამაზიანებელია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.