გია ვოლსკი - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეს სამართლებრივი განვითარების გარდა, წერტილს ვერაფერი დაუსვამს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს საკმაოდ დიდი თანხის გათეთრებას ედავებოდნენ, შემდეგ იყო სპეკულაციები და საკითხის პოლიტიზება მოხდა.
„დარწმუნებული ვარ, რომ ამბავს სამართლებრივი განვითარების გარდა, ვერაფერი დაამთავრებს და წერტილს ვერ დაუსვამს. არსებობს გამოძიება, პროკურატურის მასალები და არსებობს სასამართლო, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სპეკულაცია ამ თემასთან დაკავშირებით უნდა დამთავრდეს, არავის არ უარყვია, რომ ფულის ამ რაოდენობის გათეთრება მოხდა, რა ვითარება იყო, როგორ და რა ვითარებაში მოხდა, არის თუ არა ეს დანაშაული“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ, დადგება თუ არა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების დაპატიმრება.
„პატიმრობის თემასთან დაკავშირებით ფრთხილად უნდა ვილაპარაკოთ ადამიანებმა, ვისთვისაც მთავარი დამახასიათებელი ნიშანი ჰუმანურობაა უნდა იყოს. მაგრამ არსებობს საკითხები, რომლებსაც სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი განსაზღვრავს. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ თუკი ეს მუხლი დარღვეულია, მით უმეტეს, უხეშად, უნდა აგოს პასუხი. თუ არ არის დანაშაული, არც პასუხისგება იქნება.
ჩვენ პოლიტიკურ ცხოვრებას ტურბულენტობა ახასიათებს და მუდმივად, ხან არჩევნების, ხან სხვა პოლიტიკური სტრესის პირობებში გვიხდება ცხოვრება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ უნდა გაგრძელდეს სამართლად წარმოება, ვის მიმართაც უნდა იყოს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ, მათ მიერ, ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით“.