გია ვოლსკი - მამუკა ხაზარაძის განცხადებები მიუთითებს, რომ მან კარგად აითვისა ისტორიის გადაწერის მცდელობის „ნაცმოძრაობისეული“ მეთოდიკა
გია ვოლსკი - მამუკა ხაზარაძის განცხადებები მიუთითებს, რომ მან კარგად აითვისა ისტორიის გადაწერის მცდელობის „ნაცმოძრაობისეული“ მეთოდიკა

მამუკა ხაზარაძის განცხადებები მიუთითებს, რომ მან კარგად აითვისა ისტორიის გადაწერის მცდელობის „ნაცმოძრაობისეული“ მეთოდიკა, – ასე ეხმაურება მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის განცხადებებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი „ფეისბუქში“.

„ანაკლიის პორტთან თუ სხვადასხვა საგარეო და საშინაო ფაქტორებთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებული განცხადებები მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს – მან კარგად აითვისა ისტორიის გადაწერის (უფრო მცდელობის) „ნაცმოძრაობისეული“ მეთოდიკა. გათვლა იმაზეც კეთდება, რომ ძველი ამბების მიმართ საზოგადოების ემოციური კავშირები შესუსტებულია და მისი აზრით რასაც გინდა იმას შეასაღებ, თანაც „სკანდალური დეტალების“ გამოაშკარავებით. ასეთი ხასიათის მორიგი განცხადება მოვისმინეთ „პროგრეს ბანკთან“ დაკავშირებით.

მოდით, გავიხსენოთ ზოგიერთი დეტალი და სურათიც ნათელი გახდება. ყველას ახსოვს ყაჩაღური თავდასხმა ბანკ „ქართუზე“ 2011 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში გამოჩნდა და საფრთხე შეუქმნა რეჟიმს.

მაშინ ყველა სახელმწიფო ინსტიტუციის დახმარებით ბანკის გაკოტრების უკანონო პროცესი დაიწყო. იმავე მიზეზით და მეთოდით სრულდებოდა ბრძანება კახა კალაძის „პროგრეს ბანკის“ დატერორების შესახებ. აშკარად, ყველას თვალწინ, დაიწყეს მენეჯმენტის, დეპოზიტარებისა და კრედიტორების დაშინება! დაიწყო ბანკის გაკოტრების პროცესი. ბიძინა ივანიშვილმა მაშინ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, დახმარებოდა „პროგრეს ბანკს“, რათა ერთის მხრივ საზოგადოებისათვის ეჩვენებინა რომ ბოროტებასთან ბრძოლა შესაძლებელია და ამასთანავე გადაერჩინა დეპოზიტარები, რომლებიც უფულოდ რჩებოდნენ ბანკის გაკოტრების შემთხვევაში. თუნდაც პოლიტიკური ქველმოქმედება დავარქვათ ამ აქტს, ვინმეს უნდა გაუკვირდეს მისგან ქველმოქმედება? საზოგადოებაში არასოდეს კითხვაც არ დასმულა ამ ნაბიჯის აუცილებლობასთან დაკავშირებით. თვითონაც კარგად იცის ხაზარაძემ, რომ არასოდეს, არც მაშინ და არც ამის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილს ბანკის მმართველობაში მონაწილეობა არ მიუღია, არც პირდაპირ, არც წარმომადგენლის მეშვეობით. არ ჰყოლია წარმომადგენელი არც დირექტორთა, არც სამეთვალყურეო საბჭოში; ეს იყო იმ დროისთვის საგანგებოდ აუცილებელი ერთჯერადი აქტი. ისიც შესანიშნავად იცის, რომ ბოლოს, როდესაც „პროგრეს ბანკი“ გაიყიდა, ბიძინა ივანიშვილს ერთი თეთრიც არ მიუღია“, – წერს ვოლსკი სოციალურ ქსელში.