გია ვოლსკი - ლობისტი, რომელიც ევროპარლამენტში კაბინეტში შევა და საქართველოსთვის სასჯელის დაწესების რეზოლუციის მხარდაჭერაზე პროპაგანდას დაიწყებს, გარეთ უნდა გააბრძანონ
გია ვოლსკი - ლობისტი, რომელიც ევროპარლამენტში კაბინეტში შევა და საქართველოსთვის სასჯელის დაწესების რეზოლუციის მხარდაჭერაზე პროპაგანდას დაიწყებს, გარეთ უნდა გააბრძანონ

ნებისმიერი ლობისტი, რომელიც ევროპარლამენტში კაბინეტში შევა და დაიწყებს პროპაგანდას, რომ მხარი დაუჭირონ კონკრეტულ რეზოლუციას, რომელიც გულისხმობს საქართველოსთვის სასჯელის დაწესებას და კეზერაშვილის მედიამენეჯერად აღიარებას, გარეთ უნდა გააბრძანონ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ლობისტების მიერ შეთავაზებული რეზოლუციის სახელმძღვანელოდ აღება ევროპარლამენტარიზმთან შეუსაბამო და უტიფრობაა.

„არავინ ამბობს, რომ ლობიზმი კანონსაწინააღმდეგოა. დიდი მადლობა ამერიკულ კანონმდებლობას, რომ გვაქვს საშუალება, დავინახოთ, ლობიზმისთვის გამოყოფილი მილიონები რაში იხარჯება. საქმე შინაარსშია და არა იმაში, კანონიერია თუ უკანონო. რაც შეეხება იმას, ვის უფრო მეტი ფული აქვს, თუ ბიძინა ივანიშვილს გულისხმობენ, მისი თანხების უდიდესი ნაწილი ქველმოქმედებასა და სახელმწიფო პროექტების გაკეთებაში იხარჯება. ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში არ მონაწილეობს. შეგვიძლია, ვისაუბროთ, როგორ, საიდან და რამდენი იხარჯება, რათა ვინმე მოისყიდონ, დავალება მისცენ და დავალების შესრულება მოითხოვონ. მათი ამოცანა, რომ საქართველოს მიაყენონ ზიანი, შავით-თეთრზე წერია და ამაში იხდიან ფულს. ნებისმიერი ლობისტი, რომელიც ევროპარლამენტში კაბინეტში შევა და დაიწყებს პროპაგანდას, რომ მხარი დაუჭირონ კონკრეტულ რეზოლუციას, რომელიც გულისხმობს, რომ საქართველოს უნდა დაუწესდეს სასჯელი და კეზერაშვილი იყოს მედიამენეჯერად აღიარებული, უნდა გააბრძანონ გარეთ. თუ ის განწყობა თავად აქვთ, არც წერა უჭირთ და არც გამოუცდელობა, მაშინ ეს რეზოლუციები თავად დაწერონ. ვინც ლობისტების მიერ შეთავაზებული რეზოლუცია აიღო სახელმძღვანელოდ, შეუსაბამობაში მოდის ევროპარლამენტარიზმთან, ზნეობასთან, და უტიფრობაა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიებისა და მათი საქმიანობის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა. დოკუმენტებით დგინდება, რომ ლობისტურმა კომპანიებმა „აკერმანმა“ (Akerman) და „ჯიპი ინთერნეშენალმა“ (GP International) ექვსთვიანი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა სახის აქტივობები განახორციელეს, რომლებიც შეეხება ევროპარლამენტის რეზოლუციებს, სანქციებს საქართველოს წინააღმდეგ, სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის მცდელობას, აგრეთვე პოლონელ ექიმებს.

ამასთან, დღეს გახდა ცნობილი მიხეილ სააკაშვილის ლობისტების საქმიანობის შესახებ მორიგი დოკუმენტაცია, რომელიც უცხოური მედიისთვის მომზადებულ მასალებს ეხება.