გია ვოლსკი ლიეტუვის სეიმის კომიტეტის განცხადებას პასუხობს - საქართველოს არც გმირული ბრძოლა უკვირს, არც მსხვერპლი, რომელიც არაერთხელ გაიღო და არავისთვის არაფერი დაუყვედრებია
გია ვოლსკი ლიეტუვის სეიმის კომიტეტის განცხადებას პასუხობს - საქართველოს არც გმირული ბრძოლა უკვირს, არც მსხვერპლი, რომელიც არაერთხელ გაიღო და არავისთვის არაფერი დაუყვედრებია

საქართველოს არც გმირული ბრძოლა უკვირს და არც მსხვერპლი, რომელიც ამ გმირულ ბრძოლაში საქართველომ გაიღო და არა ერთხელ, არავისთვის არაფერი დაუყვედრებია, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

გია ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის განცხადებაზე, სადაც საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანა რომელიმე ევროპულ ქვეყანაში. გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ „შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოს მთავრობის საჯარო განცხადებების გამო, რომლებიც უარს აცხადებენ, შეურთდნენ ევროკავშირის, ნატო-სა და სხვა დემოკრატიული სახელმწიფოების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკურ და პერსონალურ სანქციებს“.

„მინდა, პასუხი აქედანაც შევუთვალო და ეს პასუხი მიიღონ, სააკაშვილის ჯანმრთელობას არაფერი არ ემუქრება. მასზე პროფესიონალი ექიმები ზრუნავენ. ნებისმიერი ინფორმაციის მიუხედავად, რომელიც მათთან ტრიალებს, უნდა იცოდნენ ზუსტად, რომ ადამიანები, თუნდაც ბოლოს ვინც გადმოგვეცა და სადისტობაში არიან მხილებული გერმანიიდან, უკრაინიდან მიხეილ სააკაშვილის შემოქმედებაა. სადისტური მართვის სისტემა მან შექმნა. გარდა ამისა, სააკაშვილს კონკრეტული ბრალდებები აქვს წაყენებული, რის გამოც სასჯელს იხდის. ლიეტუვას პრეტენზია სამართლებრივ ნაწილთან. მის ჯანმრთელობის თემასთან აქვს გარკვეული მოსაზრებები მინდა დავამშვიდოთ, რომ არაფერი მის ჯანმრთელობას არ ემუქრება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამასთან, როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, საქართველოს არ აქვს რესურსი და ბერკეტი, რუსეთს სანქციები დაუწესოს ისე, რომ არ იყოს სერიოზულად დაზიანებული და დანგრეული ეკონომიკურად.

მისივე თქმით, ლიეტუვაშიც და სხვაგანაც კარგად არის ცნობილი საკმაოდ ხისტი, მტკიცე და პრინციპული პოზიცია, რომლითაც საქართველო დაუპირისპირდა აგრესიას.

„მინდა, ჩვენი მესიჯი ლიეტუვის სეიმმა, ჩვენმა კოლეგებმა ჯანსაღად მიიღონ, ის, რომ საქართველოს არ გააჩნია რესურსი, ბერკეტი, გამოაცხადოს სანქციები და რუსეთს სანქციები დაუწესოს და არ იყოს სერიოზულად დაზიანებული და დანგრეული ეკონომიკურად.

რაც შეეხება ჩვენს პოლიტიკურ პოზიციას, ლიეტუვაშიც და სხვაგანაც კარგად არის ცნობილი, საკმაოდ ხისტი, საკმაოდ მტკიცე და პრინციპული პოზიცია, რომლითაც საქართველო დაუპირისპირდა აგრესიას. არა მარტო უკრაინაში, საქართველო დაუპირისპირდა აგრესიას სასამართლოში, მოიგო სტრასბურგის სასამართლო და ჰააგის ტრიბუნალი, რომელმაც რუსეთის 2008 წლის აგრესია შესაბამისად შეაფასა, სანქციებიც გამოსცა კონკრეტული ადამიანების დასაკავებლად. ეს უნდა იცოდეს ლიეტუვამ და დარწმუნებული ვარ, ამის შესახებ ლიეტუვამ ან არ იცის, ან ძალიან ნაკლები ინფორმაცია აქვს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა მოქმედებს ისე, რომ საქართველოს ინტერესები არ იყოს დაზიანებული და მოქმედებს ისე, რომ უკრაინელ ხალხს და უკრაინის ინტერესებს, არ მიადგეს რაიმე ზიანი.

„იყო კონგრესმენთა დიდი ჯგუფის განცხადება, რომ საქართველო ტაშს იმსახურებს იმ პოზიციის გამო, რომელიც მან გამოხატა პოლიტიკურად და ჰუმანიტარული დახმარების თვალსაზრისით. საქართველო ტაშს იმსახურებს იმ პერიოდში, როდესაც მისი ტერიტორიების დიდი ნაწილი ოკუპირებულია. საქართველო ტაშს იმსახურებს მაშინ, როდესაც უკრაინის შემდეგ ყველაზე დიდი საფრთხე ემუქრება და ყველაზე საფრთხის შემცველია ის ვითარება, რომელიც საქართველოს გარშემო ტრიალებს. საქართველო ტაშს იმსახურებს იმის გამო, რაც მთავრობამ და საზოგადოებამ გააკეთა, როდესაც უკრაინელ ხალხს დაუდგა გვერდში. ეს არის მიდგომა, რომელსაც იზიარებს ჩვენი კოლეგების და ჩვენი პარტნიორების დიდი ნაწილი. ცალკეული გამოსვლები და განცხადებები, რაც არ უნდა ვეცადოთ, ვერ იქნება განხილული იმის საწინააღმდეგოდ რაც გააკეთა საქართველოს მთავრობამ. ამის შემფასებელი პირველ რიგში ჩვენი საზოგადოებაა, ხალხი, რომელიც მხარს უჭერს იმ პოზიციას, რომელიც გულისხმობს ომის და ეკონომიკური ნგრევის თავიდან არიდებას. საქართველოს მთავრობა მოქმედებს ისე, რომ საქართველოს ინტერესები არ იყოს დაზიანებული. მთავრობა მოქმედებს ისე, რომ უკრაინელ ხალხს და უკრაინის ინტერესებს, რომელიც ნამდვილად გადაჭდობილია საქართველოს ინტერესებთან, არ მიადგეს რაიმე ზიანი. სწორედ აქედან გამომდინარეა ის ნაბიჯები, რაც საქართველომ პოლიტიკურ ასპარეზზე გადადგა. ამას ვერანაირი ინტერპრეტაცია ჩრდილს ვერ მიაყენებს. სამწუხაროა, რომ ეს ჩვენთან ყველაზე ნაკლებად ესმით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.