გია ვოლსკი - ლევან ვასაძის სახალხო ლეგიონი კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლის მცდელობაა
გია ვოლსკი - ლევან ვასაძის სახალხო ლეგიონი კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლის მცდელობაა

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ბიზნესმენ ლევან ვასაძის სახალხო ლეგიონი კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლის მცდელობაა.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, ყველამ უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფო მოვლენებს ზუსტად აფასებს.

„ყველა მხარეს უნდა ესმოდეს, რომ მათი მოქმედებები არის დაპირისპირება საქართველოს სტაბილურობასთან, რითიც გარეშე მტერი სარგებლობს და ეს იქნება სერიოზული ბერკეტი, რომელსაც გარეშე ძალები საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენებენ და ამის ხელშემწყობი იქნება სხვადახხვა ხასიათისა და მიმართულების პოლიტიკური ჯგუფები. მათ შორის, ისინი, ვინც ტრადიციების თაობაზე საქართველოს კონსენსუსს უპირისპირდებიან. ეს მხოლოდ ქრისტიანული მრევლი არ არის, ყველა სხვა კონფესია და სათაყვანებელი ინტერესებია, რაც ქვეყნის ერთიანობასთან არის დაკავშირებული. არსებობს მეორე მხარე, ვინც ამ აგრესიას გაცილებით ბოროტი განზრახვისთვის იყენებს, რასაც სახელმწიფო წესწყობილებასთან კავშირი არ აქვს. კიდევ მესამე ძალა არსებობს, რაც ამას წაახალისებს“, – აცხადებს ვოლსკი.

დეპუტატის თქმით, ინტერესების აგენტობა დაბრალდება ყველას, ვინც ხელს შეუწყობს აგრესიის შექმნას, ვინც ამით ისარგებლებს და სახელმწიფოს წინააღმდეგ კონსტიტუციიდან გასვლით დაიწყებენ აქტივობას.

„ვისი მითითებით ან ამოცანით მოქმედებს, ეს ადამიანი და ინსტრუქცია აქვს თუ არა მიღებული, არ ვიცი. თვალი უნდა გავუსწოროთ ფაქტებს. ამით ვინ ისარგებლებს და რა შეიძლება მოჰყვეს? საქართველოს დესტაბილიზაცია სჭირდება, თუ არა? საკანონმდებლო სივრცე სჭირდება, რაც მაღალ დონეზეა შეფასებული? სჭირდება თუ არა მომავალი, ტრადიციების დაცვა და თვითმყოფადობის შენარჩუნება? – როცა ყველა ამ ფაქტორზე მიტანილია შეტევა სხვადახხვა ჯგუფების მიერ, ამას ვიხილავთ, როგორც სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.