გია ვოლსკი - ლევან იზორია არის პროფესიონალი და გერმანიაში მისი ელჩად წარდგენა თანამდებობრივ დაქვეითებას არ გულისხმობს
გია ვოლსკი - ლევან იზორია არის პროფესიონალი და გერმანიაში მისი ელჩად წარდგენა თანამდებობრივ დაქვეითებას არ გულისხმობს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ლევან იზორია არის პროფესიონალი და გერმანიაში მისი ელჩად წარდგენა თანამდებობრივ დაქვეითებას არ გულისხმობს.

ჟურნალისტებთან საუბარში გია ვოლსკი ლევან იზორიას თაობაზე ოპონენტების განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსი სულელური შეფასებები არ გაუგია, რაც ბოლო პერიოდში ოპოზიციამ გააკეთა.

„ბევრი არაადეკვატური განცხადება მსმენია, მაგრამ ასეთი – არაფერი. წარმომიდგენია, მათი ხელისუფლების დროს პოლიციელს ან ნებისმიერ ადამიანს რა მოუვიდოდა, რომელიც მაღალჩინოსნის ახლო ნათესავს ბორკილებს დაადებდა. ვინც ეს ყველაფერი ჩაიწერა და ამ ჩანაწერიდან არ ჩანს, რომ ბორკილების დადების საფუძველი ჰქონდა, პოლიციაში მუშაობა გააგრძელა და როგორც კი სხვა თანამდებობაზე იგივე ხელფასით გადასვლა შესთავაზეს, გამოავლინა, რომ რაღაც ჩანაწერი აქვს, რომლითაც პოლიტიკური სპეკულაციები დაიწყო. მისი ან მისი მეუღლის პროფესიონალური შეფასება ჩემი საქმე არ არის, რომელიც დღემდე შსს-ში მუშაობს. ასევე ჩემი საქმე არ არის, შევაფასო, რატომ და რისთვის დაწინაურდა ეს ადამიანი, ალბათ, ამას საფუძველი ჰქონდა, მაგრამ ხუთი წლის შემდეგ ამ მასალის დადება ერთ-ერთი საგანგებო მინიშნებაა, თუ რას წარმოადგენენ „ნაციონალური მოძრაობა“ და ის ადამიანები, რომლებიც ამ ფაქტს სათავისოდ იყენებენ, ოპონენტების განცხადებები მაქვს მხედველობაში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ლევან იზორიამ დაადასტურა, რომ თანამდებობას ტოვებს და გერმანიაში საქართველოს ელჩად გააგრძელებს მუშაობას.