გია ვოლსკი - კრიმინალს არ ვურჩევდი, გააქტიურდეს, რადგან ამაზე ძალიან მკაცრი იქნება სასჯელიც და რეაგირებაც
გია ვოლსკი - კრიმინალს არ ვურჩევდი, გააქტიურდეს, რადგან ამაზე ძალიან მკაცრი იქნება სასჯელიც და რეაგირებაც

კრიმინალს არ ვურჩევდი, გააქტიურდეს, რადგან ამაზე ძალიან მკაცრი იქნება სასჯელიც და რეაგირებაც, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა, რომელიც ოპონენტების შეფასებას გამოეხმაურა კრიმინალის წახალისების თაობაზე.

დეპუტატის თქმით, გუშინ შეიძლება, მოძალადე არ გაქცეულიყო და სპეცოპერაციის ჩატარებაც დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა, მაგრამ საფრთხის წინაშე დადგებოდა მოქალაქე, მძევალი და გარშემო მყოფი ადამიანები.

„რასაკვირველია, ეს დიდ დივიდენს იმ პოლიტიკურ პარტიას მოუტანდა, ვინც კითხვას სვამს – რამდენად სწორად იმოქმედა პოლიციამ. პოლიციამ სწორად იმოქმედა, ვახტანგ გომელაურმა და ის მოწოდების სიმაღლეზე იყო. კრიმინალს არ ვურჩევდი, გააქტიურდეს, რადგან ძალიან მკაცრი იქნება სასჯელიც და რეაგირებაც. თქვენთვის ეფექტური ოპერაცია ის არის, როცა ადამიანი დაიღუპება, მხიარულება და ჟივილ-ხივილი ატყდებოდა გარკვეულ მედია საშუალებებში. ეს არ მოხდა და რა თქმა უნდა, ხელისუფლების მიმართ კითხვები აგრესიული იქნება. თქვენს დროს ბანდიტიზმი იყო გაჯეჯილებული, ჩვენს დროს ასე არ არის. წინა მმართველობისას ბანდიზმი თავად ხელისუფლებამ ჩაანაცვლა, ყაჩაღობის ფაქტები რამდენიც გინდა, იმდენი იყო. 2005 წლიდან 2012 წლამდე სამჯერ მეტი, ვიდრე 2013 წლიდან 2019 წლამდე. ეს არის ფაქტი და ამ სტატისტიკას ვერსად წაუხვალთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

21 ოქტომბერს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული პირი შეიჭრა და 43 მოქალაქე მძევლად აიყვანა. სამართალდამცველების ძალისხმევით, რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შედეგად, თავდამსხმელმა მძევლების უმეტესობა ეტაპობრივად გაათავისუფლა, რომლებსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი, ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა. მოგვიანებით, თავდამსხმელმა გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად ბანკის შენობა დატოვა. ოთხივე მათგანი გვიან ღამით გათავისუფლდა.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით. გამოძიება 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად აყვანას გულისხმობს.