გია ვოლსკი - კონგრესმენი ამბობს, რომ არ იცოდა რესპუბლიკელების ანგარიშში ბიძინა ივანიშვილის შესახებ წინადადების წარმომავლობა, ანუ ხშირ შემთხვევაში, ლობისტური მუშაობა ეფარება რეალობას
გია ვოლსკი - კონგრესმენი ამბობს, რომ არ იცოდა რესპუბლიკელების ანგარიშში ბიძინა ივანიშვილის შესახებ წინადადების წარმომავლობა, ანუ ხშირ შემთხვევაში, ლობისტური მუშაობა ეფარება რეალობას

ხშირ შემთხვევაში, ლობისტების ინტენსიური მუშაობა, თან საკმაოდ პროფესიონალური, ფარავს იმ რეალობას, რაც არსებობს, ამიტომ, ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ამერიკელი კონგრესმენის, დონ ბეიკონის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

„კარგია, რომ კონგრესმენმა ეს განცხადება გააკეთა, მაგრამ იმასაც უნდა დავუკვირდეთ, ასეთი რა კვლევითი ჯგუფია, რომელიც ისეთ პირობებში, როდესაც საქართველო-ამერიკის სტრატეგიული თანამშრომლობა ასეთ სიმაღლეზეა, მით უმეტეს, ახლა სამხედრო სწავლებებზეა კიდევ ლაპარაკი, როგორ მოხდა ის ერთი, სრულიად კონტექსტიდან ამოღებული ფრაზა ამ მოხსენებაში“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თქმით, დიპლომატიურმა სამსახურმა უკეთ უნდა იმუშაოს ინფორმაციის მიღების წყაროს გამოსავლენად, რადგან ის არარეალისტურია და არ შეესაბამება იმ მოხსენების სულისკვეთებას, რომელსაც ხელს 13 კონგრესმენი აწერს.

„სამწუხაროა, რომ ხშირ შემთხვევაში ხელისუფლება, იგივე, პარტიის ლიდერი, ძალიან ბევრ საკითხებზე არის გადართული და მეორე მხარეს არასწორი, ფეიკინფორმაციის შემოცურება ხდება თუნდაც ისეთ სერიოზულ დოკუმენტში, როგორიც არის ანალიტიკური ცნობა. ეს არ არის ოფიციალური დოკუმენტი, მაგრამ ფაქტია, რომ ამან გარკვეული რყევები გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში. პოლიტიკოსები ერთმანეთს უპირისპირდებიან და ამ ფრაზებს იყენებენ, ამ დროს კონგრესმენი გამოდის და ამბობს, რომ საერთოდაც არ იცოდა ამ წინადადების და ფორმულირების წარმომავლობის შესახებ. ანუ, ხშირ შემთხვევაში, მართლაც ხდება, როდესაც ეს ლობისტური მუშაობა მნიშვნელოვნად წინ უსწრებს ან აჭარბებს ან ზემოდან ეფარება იმ რეალობას, რაც გაგვაჩნია, თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დოკუმენტის პათოსი არის ძალიან კარგი, ძალიან პოზიტიური და რეალობაც, პრაქტიკულად, გამოხატულია ამ დოკუმენტში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კონგრესმენმა დონ ბეიკონმა, რომელმიც რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის ანგარიშის ერთ-ერთი ხელმომწერია, დღეს განაცხადა, რომ ის ნაწილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეხება, მას არ დაუწერია. „ჩვენ ავიყვანეთ ტექნიკური ექსპერტები, რომლებიც დაგვეხმარნენ დოკუმენტის შედგენაში“, – აღნიშნა კონგრესმენმა.