გია ვოლსკი - ე.წ. ჩრდილოვანი მთავრობა იკარგება იმ რეალობის უკან, როცა ფანჩატურში ვითომ გაერთიანებულ პოზიციას წარმოადგენდნენ, ახლა ის განსხვავებაა, რომ შალვა ნათელაშვილი მოტეხეს
გია ვოლსკი - ე.წ. ჩრდილოვანი მთავრობა იკარგება იმ რეალობის უკან, როცა ფანჩატურში ვითომ გაერთიანებულ პოზიციას წარმოადგენდნენ, ახლა ის განსხვავებაა, რომ შალვა ნათელაშვილი მოტეხეს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ჩრდილოვანი მთავრობა არის ნორმალური განვითარებულ დემოკრატიებში, რათა საზოგადოებას დაანახონ, რომ არსებობს გუნდი, რომელიც ხელისუფლების ხელში აღების შემთხვევაში, ამა თუ იმ მიმართულებას მართავს.

„ამ შემთხვევაში აშკარა მცდელობაა, რომ „ნათელაშვილის ეზო 2“ გააკეთონ ისე, რომ მოიზიდონ იმ საზოგადოების ხმები, რომლებიც მხარს უჭერდნენ ამა თუ იმ პარტიას და „ნაცმოძრაობასთან“ მჭიდრო ურთიერთობის გამო საკმაოდ სერიოზული დივიდენდები დაკარგეს, ის მცირეც, რაც ჰქონდათ მიღებული. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ეს კოალიცია არის წინასაარჩევნო ფანდი, რადგან საკმაოდ მაღალია ეკლექტიკა. ნინო ბურჯანაძის სახით რუსული მიმართულება დაიმატეს და უნდათ, საზოგადოებიდან სხვადასხვა ხმა მოიზიდონ. ჩრდილოვანი მთავრობა, როგორც პროგრესის წარმოჩენის მიზნით, იკარგება იმ რეალობის უკან, რაც ვიხილეთ იმ პერიოდში, როცა ფანჩატურში გაერთიანებული პარტიები თავის პოზიციას წარმოადგენდნენ, ვითომ გაერთიანებულს, ახლა ის განსხვავებაა, რომ შალვა ნათელაშვილი მოტეხეს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გუშინ ე.წ. კოალიციური გუნდი წარადგინა. მათ შორის არიან „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“, მოძრაობა „დროას“, „გირჩი – მეტი თავისუფლების“, აგრეთვე „ევროპული საქართველოსა“ და ნინო ბურჯანაძის პარტიის, „ერთიანი საქართველოს“ წარმომადგენლები.