გია ვოლსკი - ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე ბრიტანული მხარისთვის არავის მიუმართავს
გია ვოლსკი - ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე ბრიტანული მხარისთვის არავის მიუმართავს

ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე ბრიტანული მხარისთვის არავის მიუმართავს, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას.

„რაც დააყადაღეს, ის არის დაყადაღებული და იმის იქით არავითარი მიმართვას ადგილი არ ჰქონია. მნიშვნელოვანი გადაცდომებისთვის არაერთი ადამიანია პასუხისგებაში მიცემული.

გამოძიება მიმდინარეობს სახელმწიფო ბიუჯეტისთვის ზარალის მიყენებისთვის და საკმაოდ ბევრი ადამიანია გამოძიების პროცესში. დანაშაული დაუმტკიცდებათ ან არა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ადამიანები დაკავშირებული არ არიან არც პოლიტიკურ პარტიასთან, არც რომელიმე საინფორმაციო საშუალებასთან.

ადამიანი თუ თავისი საქმიანობის პერიოდში დაკავშირებულია პარტიასთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან, ან მედია საშუალებასთან, ეს იმისგან არ ათავისუფლებს, რომ პასუხი გასცეს კითხვას – სად წავიდა 17 მილიონი დოლარი ან რამდენად კანონიერი იყო ჩატარებული ოპერაცია. ბევრი სხვა საკითხია, რასაც არანაირად არ გამოადგება ინდულგენციად პარტიაში ყოფნა ან საზოგადოებრივი საქმიანობა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამასთან, გია ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა ავთანდილ წერეთელთან დაკავშირებითაც.

„ადამიანი იმასაც ამბობს, რომ მეგობრებს 17 მილიონი დოლარი ასესხა და შემდეგ პასუხს ვერ სცემს იმაზე, საიდან აიღო 17 მილიონი, როცა ყველამ ვიცით, რომ ეს თანხა იგივე მეგობრებისგან ბანკიდან გამოიტანა. ამაზე პასუხი არადამაჯერებლად მიმაჩნია, თუმცა ეს ჩემი საქმე არ არის, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა პოლიტიკოსის“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ბადრი ჯაფარიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სახელმწიფო ცდილობს, ბრიტანეთში მათი კანონიერი სახსრების ბლოკირება მოახდინოს. „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა, ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, წერილით მიმართა დიდი ბრიტანეთის შესაბამის სამსახურს,  რომ მე, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ეჭვმიტანილი ვართ ფულის გათეთრებაში და ეჭვი აქვთ, რომ ჩვენი ფულადი სახსრები ბრიტანეთში არის კრიმინალური წარმოშობის“, –  განაცხადა „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბადრი ჯაფარიძემ მამუკა ხაზარაძესთან ერთობლივ ბრიფინგზე.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დღეს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას უპასუხეს. ოგორც პროკურორმა გიორგი მიქავამ განაცხადა, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს არ მიუმართავს ბრიტანელი კოლეგებისათვის – პირიქით, ბრიტანულმა მხარემ მიაწოდა ინფორმაცია ქართულ მხარეს ბრალდებულების ფინანსური აქტივობების შესახებ.

ავთანდილ წერეთელს ბრალი 22 აგვისტოს ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის ფარგლებში წარედგინა. ბრალდება წარდგენილია მის მიერ 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).