გია ვოლსკი - ხაზარაძე ახალ მოძრაობას ვერ შექმნის, ნებისმიერი გაერთიანება, რომელიც „ნაცმოძრაობის“ ორბიტაში შეიქმნა, ორიენტირებულია, იქნებ არჩევნების გარეშე ხელისუფლებაში მოვიდეს
გია ვოლსკი - ხაზარაძე ახალ მოძრაობას ვერ შექმნის, ნებისმიერი გაერთიანება, რომელიც „ნაცმოძრაობის“ ორბიტაში შეიქმნა, ორიენტირებულია, იქნებ არჩევნების გარეშე ხელისუფლებაში მოვიდეს

ჩრდილოვანი მმართველობა, განსაკუთრებით, მამუკა ხაზარაძის მოკავშირე „ნაციონალურ მოძრაობას“ ახასიათებს, რომლის უკან ფინანსური რესურსებით დგას კეზერაშვილი, პოლიტიკური რესურსებით – მერაბიშვილი, წინ ჰყავთ წამოწეული ხაბეიშვილი, რომლის გვარიც შეიძლება, უცებ არ მოგაგონდეს, როცა პოლიტიკოსების სიას გადახედავ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, მამუკა ხაზარაძე ახალ მოძრაობას ვერ შექმნის.

„მამუკა ხაზარაძის მოსაზრება, რომ ახალი პოლიტიკური გაერთიანება უნდა შეიქმნას, ვერ წარმომიდგენია, სერიოზული პოლიტიკური გაერთიანება სერიოზული გეგმებით, პატრიოტული სულისკვეთებით, საკუთარი ქვეყნის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულებით, თუნდაც ხელისუფლებასთან დაპირისპირებული, რომ გაერთიანება „ლელოსთან“ შექმნას. რჩევებს არავისგან იღებენ, მაგრამ კარგი იქნებოდა, თუ წალენჯიხაში ერთ პროექტს მაინც განახორციელებენ, რაც მანამდე თქვეს. რაღაც გაერთიანებებზე საუბარი ახალი არ არის – როცა პოლიტიკური ძალა დავიწყებას ეძლევა და საზოგადოებისთვის თავის შეხსენება უნდა, უცებ გაერთიანებებზე იწყებენ საუბარს, რომელმაც ვითომდა პროდასავლური გეზი უნდა აიღოს და ძალების კონსოლიდაცია მოახდინოს. ყველამ ყველაფერი კარგად იცის, რეალურ სურათს ვხედავთ – არსებობენ მავნებლების გაერთიანება და რეალური ოპოზიციური ძალები, რომლებიც ხელისუფლების ოპონირებას ცდილობენ. ხელისუფლება კი ქვეყნის სამშვიდობოს გაყვანას ცდილობს. ახალ მოძრაობას მამუკა ხაზარაძე ვერ შექმნის. როცა პოლიტიკური ძალა კარგავს მასზე მოთხოვნას, იწყებს ლაპარაკს იმაზე, რომ ახალი გაერთიანება უნდა შეიქმნას, მაგრამ ნებისმიერი გაერთიანება, რომელიც „ნაცმოძრაობის“ ორბიტაში შეიქმნა, ორიენტირებულია დესტაბილიზაციაზე, რომ იქნებ არჩევნების გარეშე ხელისუფლებაში მოვიდეს. თუ მელია ხაზარაძეს შეუერთდება, არ ვიცი, ვინ ვის მოუტანს რაიმე პოლიტიკურ სარგებელს, მაგრამ როცა მავნებელთა ორი გუნდი ერთიანდება, არ კარგავს არც თავის შინაარს და არც ფერს“, – განაცხადა ვოლსკიმ.