გია ვოლსკი - ხალხს ჩვენთანაც ბევრი მოთხოვნა და პრეტენზია აქვს, მაგრამ სადისტური ხელისუფლების დაბრუნება აღარ უნდა
გია ვოლსკი - ხალხს ჩვენთანაც ბევრი მოთხოვნა და პრეტენზია აქვს, მაგრამ სადისტური ხელისუფლების დაბრუნება აღარ უნდა

სასამართლოს გადაწყვეტილება შესასრულებელია, თუ ამას სპეციალური ღონისძიებები მოყვება, გასაკვირიც არ უნდა იყო, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით კითხვის პასუხად განაცხადა.

ვოლსკი ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებზე გააკეთა კომენტარი, რომლებიც არ გამორიცხავენ, რომ ნიკა მელიას დასაკავებლად „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე შტურმი განხორციელდეს.

„სიტყვა „შტურმი“ არ მომწონს. სასამართლოს გადაწყვეტილება შესასრულებელია, თუ ამას სპეციალური ღონისძიებები მოყვება, გასაკვირიც არ უნდა იყო. თუმცა, მართალი გითხრათ, ეს სიტუაცია შინაგანად არ მომწონს. საერთოდ, ვის შეიძლება მოსწონდეს?! არანაირად არ ვარ განწყობილი, რომ ვინმე ციხეში იჯდეს მაგრამ ეს გარემოებები, ათასჯერ გავიმეორებ და დავამტკიცებ, თუ გნებავთ, იქითაც გადავიდეთ 2008 წლამდე პერიოდზე, ხალხს ეს სადისტური რეჟიმი აღარ უნდა. არც ბიზნესმენებს არ უნდათ ის მძარცველები. კიდევ კარგი, ახლა მარტო სასტვენები აქვთ და ხელში სხვა იარაღი არ უჭირავთ. ხალხს აღარ უნდა, მობეზრდა. ჩვენთანაც ბევრი მოთხოვნა და პრეტენზია აქვთ, მაგრამ სადისტური ხელისუფლების დაბრუნება, მით უმეტეს რუსეთის წისქვილზე ასეთი მძლავრი წყლის დამსხმელი ხელისუფლების დაბრუნება, ხალხს აღარ უნდა. აქედან გამომდინარეობს ის აუცილებლობა, რაც მათ დღეს შეექმნათ.

ასე მგონია, სააკაშვილის პოლიტიკის ნაწილია ეს ნიკა მელიას ზვარაკად მიტანა ამ პოლიტიკურ სამსხვერპლო მაგიდაზე. ვერ ვამტკიცებ, მაგრამ ანალიზი გვიჩვენებს, რომ გამორიცხული არ არის“, – განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეეხება ოპოზიციის გეგმებს, სამომავლო აქციებთან დაკავშირებით, ვოლსკის თქმით, „გადაწყვიტეს, მელია გამოეტანათ შესაწირად, რომ იქნებ ხალხი შეიკრიბოს“.

„ეს გეგმა არსებობს. ყველა შემთხვევაში ეგ განვითარება უნდა ჰქონოდა. რადგან ვერ მიიღო საზოგადოებაში ამან მხარდაჭერა, სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს, მელია გამოეტანათ შესაწირად, რომ იქნებ ხალხი შეიკრიბოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, განსაკუთრებით, ახალგაზრდების საყურადღებოდ, ეს არის დიდი ბლეფი და ამ ბლეფს ჰქვია „ნაცმოძრაობის“ გააფთრებული მცდელობა, რომ ქვეყანაში სიტუაცია როგორმე არიონ“, – განაცხადა ვოლსკიმ.