გია ვოლსკი – ხალხის ზღვა მოედინებოდა თუ მდინარე, მათი საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მით უფრო, რომ არც ზღვა გვინახავს და არც მდინარე

15:04, 26.10.2026

ხალხის ზღვა მოედინებოდა თუ მდინარე, მათი საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მით უფრო, რომ არც ზღვა გვინახავს და არც მდინარე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ყველამ დაინახა, რომ საქართველოში პრორუსულობა და რუსული პოლიტიკური ორბიტის გავლენა არ არის.

„რამდენიც არ უნდა იყვნენ, მათთან კითხვა გვაქვს: ექსტრემიზმს რა იწვევს? ყველამ დაინახა, რომ საქართველოში პრორუსულობა და რუსული პოლიტიკური ორბიტის გავლენა არ არის. არჩევნები სამართლიანად ჩატარდა და სხვა რა თემაა, რა პრეტენზიებს გვიყენებს ბრიუსელი? ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ გარკვეული პოზიციის დაკავებაა თემა თუ რა არის სხვა თემა, რომელიც მათ აღელვებთ? მხოლოდ ერთი პასუხი გვესმის ბრიუსელიდან – მარტა კოსის, რომ საქართველომ დემოკრატიისგან ნაბიჯი უკან გადადგა. ახალგაზრდების მოტყუებით სურთ, მათ კისერზე ამხედრებულებმა ხელში მართვის სადავეები აიღონ. სხვა არანაირი მიზეზი არ აქვთ, თუ არა რაღაც პიროვნული სიძულვილი, რაც გამოიხატება იმ ბილწსიტყვაობაში, რომელიც მათ დაასწავლეს. რაც შეეხება სააკაშვილს, აღარ მალავენ, რომ სააკაშვილს უკავშირდება მმართველობის სადისტური პერიოდი, სადაც ახალგაზრდებს პირდაპირ ქუჩაში ხოცავდნენ. სააკაშვილი ანტიპოდია და მისი ბანერების მიმართ დანარჩენი ოპოზიციის დამოკიდებულებაც აქედან გამომდინარეობს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მსგავსი