გია ვოლსკი - ხაბეიშვილი არ არის ის, ვისაც შეუძლია, მართოს ერთპიროვნულად, ამასთანავე ყველას სიმპათიას იმსახურებდეს, როგორც ეს ჰქონდათ ბელადომანიის პერიოდში, როცა სააკაშვილი მართავდა
„ნაციონალური მოძრაობისთვის“ არასდროს იყო სიახლე მოსყიდვა, ზეწოლა, შანტაჟი და ასე შემდეგ. უბრალოდ, განსხვავება ის არის, რომ მაშინ მართვის ორგანოებს ფლობდნენ და განაგებდნენ სიტუაციას, შექმნეს სისტემური დანაშაულებრივი სინდიკატი, რომელიც პოლიტიკური პარტიის სახელით იყო ცნობილი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ დღეს ეს რესუსრი არ აქვს და გარკვეულ ნაწილს პრეტენზიაც გაუჩნდა, რომ საკმაოდ მძიმე წარსულს მოსწყდეს.
თუმცა, გია ვოლსკის შეფასებით, კეზერაშვილის და მერაბიშვილის მმართველობა ამას ვერ განაპირობებს.
„თავად ლევან ხაბეიშვილიც არ არის ის პიროვნება, რომელსაც შეუძლია, მართოს ერთპიროვნულად და ამასთანავე ყველას სიმპათიას იმსახურებდეს, როგორც ეს, ვთქვათ, ბელადომანიის პერიოდში ჰქონდათ, როცა სააკაშვილი მართავდა. ბელადომანია არსებობს ამ პარტიაში და უნდათ ბელადი, რომელიც არის ლიდერი. არ უნდათ ლიდერი, რომელიც არის მხოლოდ რაღაც სათამაშო, მარიონეტი ადამიანების ხელში, ვინც ფინანსურ რესურსებს ფლობს. ეს არის რეალური სიტუაცია, რაც ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.