გია ვოლსკი - კარგი იქნება, თუ ვახტანგ მეგრელიშვილი თავს ზეციდან მოვლენილ კანონმდებლად არ ჩათვლის
გია ვოლსკი - კარგი იქნება, თუ ვახტანგ მეგრელიშვილი თავს ზეციდან მოვლენილ კანონმდებლად არ ჩათვლის

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, სმენია, რომ „გირჩი” საკანონმდებლო ორგანოში მომავალ კვირას მისვლას გეგმავს.

ჟურნალისტებთან საუბარში გია ვოლსკი „გირჩის” განცხადებას გამოეხმაურა და ვერ დააკონკრეტა, ისინი სადეპუტატო უფლებამოსილების დაწყებას გეგმავენ თუ არა.

„ვახტანგ მეგრელიშვილისთვის იარაღი არის მისი ლოგიკა და მისი საუბრის მანერა, მის მიერ ჩამოყალიბებული თეზისები, რომელიც პოლიტიკურ ცხოვრებაში ნამდვილად სიახლეა. მას იარაღი არ სჭირდება, სიტყვაა მისი იარაღი. სერიოზულობასთან დაკავშირებით გვაქვს პრეტენზიები და არა მხოლოდ მეგრელიშვილთან, მაგრამ თუ მას მოსაზრებები აქვს, მას რეალიზაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში უწერია, თუ კანონის სახეს მიიღებს. ამ ქვეყანაში კანონების შემოქმედი მხოლოდ პარლამენტია. ერთი ადამიანი ცდილობს, რომ კანონები თავად წეროს, ეს მიხეილ სააკაშვილია და მის კანონებზე უნდა ვიცხოვროთ. კარგი იქნება, თუ ვახტანგ მეგრელიშვილი თავს არ ჩათვლის კანონმდებლად ზეციდან მოვლენილად. მათი გადაწყვეტილება თქვენგან არ გამიგია, ვიცი, რომ ასეთი სურვილი აქვთ, მაგრამ გადაწყვეტილებას რომ დავინახავ, შემდეგ შევაფასებ. მიუხედავად იმისა, რომ რადიკალურად განსხვავდება ჩვენი შეხედულებები, პოლიტიკური პარტია, ვინც ნაბიჯს გადადგამს და ამომრჩევლის სურვილს შეასრულებს, ასევე საქართველოში სტაბილური ვითარების შენარჩუნებას მოემსახურება, ისტორიის წინაშე მართალი იქნება. ისტორია დაგვანახებს, რომ მწვავე დაპირისპირების მიუხედავად შეფასება იმ ნაბიჯებიდან გამომდინარე იქნება გაკეთებული, რომელსაც ურთულეს ეტაპზე ესა თუ ის პოლიტიკური სუბიექტი გააკეთებს”, – განაცხადა ვოლსკიმ.

„გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ ორშაბათს პარლამენტში მისვლას გეგმავს.

დატოვე კომენტარი