გია ვოლსკი - კახა ოქრიაშვილსა და გაერთიანების სუბიექტებს რა შანსებიც ჰქონდათ, იგივე დარჩათ, ოღონდ, ოქრიაშვილს დაუბრუნდა დროშა, რომელსაც 5 ნომერი აწერია
გია ვოლსკი - კახა ოქრიაშვილსა და გაერთიანების სუბიექტებს რა შანსებიც ჰქონდათ, იგივე დარჩათ, ოღონდ, ოქრიაშვილს დაუბრუნდა დროშა, რომელსაც 5 ნომერი აწერია

კახა ოქრიაშვილსა და გაერთიანების თითოეულ სუბიექტს რა შანსებიც ჰქონდათ, იგივე შანსები დარჩათ, ოღონდ, ოქრიაშვილს დაუბრუნდა ის დროშა, რომელსაც 5 ნომერი აწერია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

აღნიშნული კომენტარით ვოლსკი გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „რესპუბლიკური პარტიის“, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, „ევროპელი დემოკრატებისა“ და კახა ოქრიაშვილის პარტიის საარჩევნო გაერთიანებას.

დეპუტატის თქმით, ამ გაერთიანებით არ შეიცვლება დამოკიდებულება, რაც საზოგადოებას კახა ოქრიაშვილისა და „რესპუბლიკური პარტიის“ მიმართ აქვს.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ასე თუ ისე მაინც გამოიყენა გაერთიანების სხვადასხვა სუბიექტები და ახლა თავის პოლიტიკას ავითარებს. ეს ერთი რეალობაა, რაც ჩანს. მეორე მხრივ, მათ ამბიციებს შორის განსხვავება და დაპირისპირება იმდენად თვალსაჩინო გახდა, რომ საზოგადოებას საკმაოდ სერიოზული ეჭვები გაუჩნდა, რა მარგი ქმედების მატარებელი შეიძლება იყოს ეს გაერთიანება – ქვეყანას საით წაიყვანენ მარტო რომ დარჩნენ პოლიტიკურ ასპარეზზე. ვფიქრობ, რომ დესტრუქცია არის საერთო სათაური მათთვის, ვინც გაერთიანებულია ამ ბლოკში, ე.წ. ძალა ერთობაშია“,  – განაცხადა ვოლსკიმ.

ვოლსკის განმარტებით, კარგია, რომ მათ არ გააჩნიათ პერსპექტივა, მმართველობას დაეუფლონ.

„მათ კონკრეტულ საქციელში არის ერთმანეთის მიმართ იმხელა ღვარძლისა და დაპირისპირების მუხტი, რომელმაც შეიძლება, გარკვეულ პირობებში სახელმწიფო დაანგრიოს. ამ ეკლექტურ გაერთიანებას ეს პირობები არ უნდა დაუდგეს. ჩვენი ამოცანაც ამაში მდგომარეობს და ვფიქრობ, საზოგადოებაც ამას კარგად ხედავს. ვფიქრობ, რომ პერსპექტივაში წარმატებას ვერ მიაღწევენ“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

პოლიტიკური პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „რესპუბლიკური პარტია“, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, „ევროპელი დემოკრატები“ და „პროგრესი და თავისუფლება“ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ.

ისინი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბლოკის „ძალა ერთობაშია“ სახით მიიღებენ მონაწილეობას.