გია ვოლსკი - ჯო უილსონს საქართველოსთან მიმართებით გარკვეული ინტერესები აქვს, კონგრესი აქტში მოყვანილ საკითხებზე დაზუსტებულ ინფორმაციას ელოდება
გია ვოლსკი - ჯო უილსონს საქართველოსთან მიმართებით გარკვეული ინტერესები აქვს, კონგრესი აქტში მოყვანილ საკითხებზე დაზუსტებულ ინფორმაციას ელოდება

ჯო უილსონს საქართველოსთან მიმართებით გარკვეული ინტერესები აქვს, რომლებიც წლებია, მას მოჰყვება. შეიძლება, თავისი ხედვებიც აქვს, მაგრამ ამაში ეჭვი გვეპარება და საფუძველიც გვაქვს. კონგრესი აქტში მოყვანილ საკითხებზე დამატებით, დაზუსტებულ ინფორმაციას ელოდება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, რეალურად, საკითხის შესწავლის დროს არცერთხელ გამოვლენილა საქართველოს გადახრა ძირითადი კურსიდან, რომელიც საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას გულისხმობდა.

„ჩვენ პრინციპებისთვის არასოდეს გვიღალატია. გამოქვეყნებული რეიტინგები მიუთითებს, რომ საქართველო იმ სტანდარტის ქვეყნებს შორისაა, რომელიც გაერთიანებულია დასავლურ, დემოკრატიულ სამყაროში“, – განუცხადა გია ვოლსკიმ საქართველოს პირველ არხს.

ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო „კავკასიაში ჩინეთის კონტროლის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი“, რომლითაც „საქართველოში რუსულ და ჩინურ სადაზვერვო საქმიანობაზე“ საიდუმლო ანგარიშის მომზადებას ითხოვს.

კანონპროექტის მიღებამდე წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოვიდა რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი, რომელმაც განაცხადა: „არალეგიტიმური „ქართული ოცნების“ რეჟიმი ამჟამად ქვეყნის ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვის და ომის დამნაშავე პუტინისთვის და ირანისთვის მიყიდვის პროცესშია, რაც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას და ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს“.