გია ვოლსკი - ჯაფარიძე იქნები, ვოლსკი თუ გუგავა, კეთილი უნდა ინებო და დაკისრებული ჯარიმა გადაიხადო
გია ვოლსკი - ჯაფარიძე იქნები, ვოლსკი თუ გუგავა, კეთილი უნდა ინებო და დაკისრებული ჯარიმა გადაიხადო

პოლიტიკურად არ მაწყობს, რომ რომელიმე ოპონენტს, ზურაბ ჯაფარიძეს ან ლაშა ჩხარტიშვილს, ანგარიში დაყადაღებული ჰქონდეს, მაგრამ კანონის წინაშე არსებული ვალდებულებები არსებობს, რომელიც ყველას ერთნაირი გვაქვს, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას, რომელიც მისი ანგარიშების დაყადაღებას დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში საკუთარი კანდიდატურის დაყენებას უკავშირებს.

ვოლსკის თქმით, ყველა მოქალაქე ვალდებულია, დაკისრებული ჯარიმა გადაიხადოს.

„ზურაბ ჯაფარიძეს უთქვამს, გია ვოლსკი რომ გავაკრიტიკე, ამიტომ ანგარიში დამიყადაღესო. თუ ამას პოლიტიკური თვალსაზრისით შევხედავთ და გავაანალიზებთ, სულაც არ მაწყობს, რომ ზურაბ ჯაფარიძე იქნება თუ სხვა ნებისმიერი ადამიანი, სასპეკულაციოდ თემა მიეცეს, რომ გავაკრიტიკე და ანგარიში დამიყადაღესო. თუ ჯარიმა გაქვს გადასახდელი, უნდა გადაიხადო. ჯაფარიძე იქნები, ვოლსკი თუ გუგავა, კეთილი უნდა ინებო და დაკისრებული ჯარიმა გადაიხადო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ავტომატური რეჟიმით ანგარიში დაყადაღდება და შესაბამისად, პროფესიონალური პასუხი უფრო მოგეთხოვება, ვიდრე პოლიტიკური. როდესაც იცი, რომ ადრე თუ გვიან ქონებას დაგიყადაღებენ, მაგრამ გადასახადს არ იხდი, ვფიქრობ, ეს უფრო პროვოცირებაა, მაგრამ როცა სხვა პოლიტიკურ ასპექტებში უსუსური ხარ, ეს თემა სასპეკულაციოდ გექნება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება. მოგვიანებით მან დაწრა, რომ საბანკო ანგარიშები აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დაუყადაღა, რაც ჯაფარიძის შეფასებით, მის გადაწყვეტილებას უკავშირდება.