გია ვოლსკი - „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძე ღირსეული შემცვლელი იქნება თავისი ინტელექტით, თვისებებით, რაც პატრიოტ ადამიანს ახასიათებს
გია ვოლსკი - „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძე ღირსეული შემცვლელი იქნება თავისი ინტელექტით, თვისებებით, რაც პატრიოტ ადამიანს ახასიათებს

საქართველოს პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის განცხადებით, ირაკლი კობახიძე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობაზე ღირსეული შემცვლელი იქნება თავისი ინტელექტით და იმ თვისებებით, რაც პატრიოტ ადამიანს ახასიათებს.

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში გია ვოლსკი აღნიშნავს, კობახიძეს აქვს იმის უნარი, რომ კარგი ლიდერი იყოს.

„ირაკლი კობახიძე რამდენად გაართმევს თავს, ეს მომავლის საკითხია, მაგრამ ყველა დარწმუნებული ვართ, რომ მას შესწევს უნარი, იყოს კარგი ლიდერი, კარგი მეგობარი და თავისი განათლების ხარისხით კიდევ ერთხელ დაანახოს როგორც ქართულ საზოგადოებას, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ პოლიტიკური გუნდის თავმჯდომარეს ღირსეული შემცვლელი ჰყავს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

შეკითხვაზე, არსებობს თუ არა რაიმე სახის პოლიტიკური დაპირისპირება კახი კალაძესა და ირაკლი კობახიძეს შორის, ვოლსკი პასუხობს, რომ მმართველ გუნდში არის სრული ჰარმონია.

„საფუძველი არ არსებობს, რომ გუნდში რაიმე დაპირისპირება იყოს. ბუნებრივი არ არის, რომ კახა კალაძეს და ირაკლი კობახიძეს ერთმანეთთან ამბიციების ჭიდილი ჰქონდეთ. ეს თქვენი მხრიდან საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად წარმოთქმული ფრაზაა. გარდა იმისა, რომ ერთმანეთთან საკმაოდ ახლო მეგობრობა გვაკავშირებს, გამორჩეული საქმიანი ურთიერთობები არსებობს, რომელიც გამორიცხავს იმას, რასაც თქვენ ამბობთ და იცით, რომ დაპირისპირებას საფუძველი არ გააჩნია“, – დასძინა ვოლსკიმ.

პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა ხვალ გაიმართება, სადაც პარტიის თავმჯდომარის არჩევა მოხდება. ამ თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა სახელდება.