გია ვოლსკი - იდეა, რომ უკრაინის ელჩს შევხვდეთ, ინფლაციის სირთულეები მოვისმინოთ, საინტერესო თემებია, მაგრამ აბსოლუტური სიყალბეა, რომ ოპონენტებს ამ თემების განხილვა უნდათ
იდეა, რომ დოლგოვს შევხვდეთ, ინფლაციის სირთულეები მოვისმინოთ, საინტერესო თემებია, მაგრამ აბსოლუტური სიყალბეა, რომ ოპონენტებს ამ თემების განხილვა უნდათ და რაიმე პოზიტივი შეიძლება იყოს მათთან ერთად რაღაც საკითხებზე მსჯელობა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის პოზიცია ყოველთვის იქნება, რომ დაპირისპირებას მეტი ცეცხლი შემატოს.
„ნებისმიერი რიტორიკა არის სადაო, რას ამბობს პრემიერ-მინისტრი, რას – მე. ოპოზიციურმა პარტიებმა გადაწყვიტეს, რომ ეს თემა სათავისოდ გამოიყენონ, იქნებადა, როგორმე, სიტუაცია ისე აირიოს, რომ პოლიტიკურ ზედაპირზე ამოყვინთვის შანსი გაუჩნდეთ. ამ შემთხვევაში, პრემიერი რას იტყოდა, მნიშვნელობა არ აქვს, მნიშვნელობა აქვს არსს, რომელიც კარგად გაიგეს ვაშინგტონში და შესაბამისი განცხადებებიც იყო. მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩვენ უკრაინის მიმართ მხარდასაჭერად ყველანაირი სოლიდარობა გამოვაცხადეთ, რაც შეგვიძლია და საკმაოდ ბევრი შეგვიძლია, რაც არის ყველა საერთაშორისო ფორუმში ოფიციალური პოლიტიკური მხარდაჭერა. არც ერთ ამ ფორუმში მონაწილეობა არ მიუღია „ნაციონალურ მოძრაობას“. იდეა, რომ დოლგოვს შევხვდეთ, ინფლაციის სირთულეები მოვისმინოთ, საინტერესო თემებია, მაგრამ აბსოლუტური სიყალბეა, რომ ოპონენტებს ამ თემების განხილვა უნდათ და რაიმე პოზიტივი შეიძლება იყოს მათთან ერთად რაღაც საკითხებზე მსჯელობა. რუსეთის პოზიციას გულწრფელად, გულმხურვალედ და გულუბრყვილობით ნუ მივიღებთ. რუსეთის პოზიცია იქნება ყოველთვის, რომ დაპირისპირებას მეტი ცეცხლი შემატოს. რა განცხადებას გააკეთებს, იმის უკან იკითხეთ – ყველაზე ცუდი საქმე იმ ადამიანების მხრიდან კეთდება, ვინც ქართულ დროშას ძალუმად იქნევენ და რეალურად, რუსულ საქმეს აკეთებენ. რუსული საქმის ჩამონათვალს მოგცემთ და კითხვაც არ გაგიჩნდებათ, ვითარება იმდენად თვალსაჩინოა – რუსეთი შეეცდება, პოლიტიკურ ძალებს შორის დაპირისპირების გაღვივებას, მათ შორის ხან ერთს შეაქებს, ხან მეორეს, ხან ვიღაცას გალანძღავს. ეს არის კლასიკა დარგის, რომელსაც რუსეთის პოლიტიკა მიჰყვება“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს მიმართავს, მიმდინარე სასესიო კვირას, პლენარულ სხდომაზე უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი მოიწვიონ.