გია ვოლსკი - გლობალური დაპირისპირებისა და ტურბულენტური გარემოს ფონზე, საქართველო ინარჩუნებს სტაბილურობას, ადამიანის უფლებები დაცულია
გია ვოლსკი - გლობალური დაპირისპირებისა და ტურბულენტური გარემოს ფონზე, საქართველო ინარჩუნებს სტაბილურობას, ადამიანის უფლებები დაცულია

მაშინ, როცა ადგილი ჰქონდა საქართველოში ადამიანის უფლებების არათუ დაუცველობას, არამედ ფეხქვეშ გათელვას, იმასთან შედარებით რა სიტუაციაც დღეს არის, ლაპარაკი ზედმეტიცაა და თან უსამართლოც. მსოფლიო სტანდარტზე მინიშნება სწორი არ არის, თუნდაც, ევროპულ სტანდარტზე, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, გლობალური დაპირისპირებისა და ტურბულენტური გარემოს ფონზე საქართველო ინარჩუნებს სტაბილურობას.

„როცა მსოფლიო ესოდენ სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, გამოწვევები აშკარაა და სერიოზული გართულებების საფრთხეა, რასაკვირველია, საქართველოში ამ მიმართულებით კანონმდებლობის გაუმჯობესება განხილული უნდა იყოს, როგორც საერთო, გლობალური უსაფრთხოების დაცვის სისტემის გაძლიერება და არა კონკრეტულ ადამიანებზე ზედამხედველობის გაძლიერება. ასეთი მაგალითები არც არსებობს, რომლითაც შეიძლება, უარყოფითად დაახასიათო ის საქმიანობა, რასაც საქართველოში სუს-ი ეწევა. გლობალური დაპირისპირებისა და ტურბულენტური გარემოს ფონზე საქართველო ინარჩუნებს სტაბილურობას, ადამიანის უფლებები დაცულია და ეს კრიტიკა უნდა აღვიქვათ, როგორც მეგობრული რჩევა, მაგრამ რასაკვირველია, ამას საერთო არაფერი აქვს რეალობასთან“, – განაცხადა ვოლსკიმ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა გუშინ განცხადება გააკეთა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის საკითხზე.