გია ვოლსკი - გიორგი კვირიკაშვილის რუსეთის ხელისუფლებისადმი მიმართვა პასუხისმგებლობით აღსავსე ლიდერის განცხადებაა
გია ვოლსკი - გიორგი კვირიკაშვილის რუსეთის ხელისუფლებისადმი მიმართვა პასუხისმგებლობით აღსავსე ლიდერის განცხადებაა

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი გულუბრყვილოს უწოდებს ოპოზიციის განცხადებებს, თითქოს პრემიერის მიმართვა იმისთვის გაკეთდა, რომ რუსეთი არ გაღიზიანდეს.

„გულუბრყვილოა განცხადებები, თითქოს საქართველოს პრემიერის განცხადება იმისთვის გაკეთდა, რომ რუსეთი არ გაღიზიანდეს, არის სწორედ ის, რაც ახასიათებს ოპოზიციას დღეს, ახასიათებდა მაშინაც, როდესაც საერთაშორისო სამშვიდობო გეგმას არ გაჰყვა მიუხედავად გაფრთხილებებისა. ეს პასუხისმგებლობით აღსავსე ლიდერის განცხადებაა, რომელმაც გამოიარა გარკვეული მნიშვნელოვანი შეფასებითი, ანალიტიკური პროცესი. ვფიქრობ, პრემიერის მიმართვა სწორედ ის მიდგომაა, რაზეც დღეს საერთაშორისო თანამეგობრობა აკეთებს აქცენტს.

კიდევ ერთხელ მინდა, მოვაგონო ყველას, რომ საქართველო-რუსეთის უმძიმესი ურთიერთობა, დაპირისპირების ხარისხი არის მნიშვნელოვანი, თუმცა სეგმენტი მსოფლიო მასშტაბური დაპირისპირებებისა. აქედან გამომდინარე, პრემიერის განცხადება სწორი ნაბიჯია და ვფიქრობ, აქტიურად იქნება მხარდაჭერილი“,-აღნიშნა ვოლსკიმ.

კითხვაზე, როგორ წარმოუდგენია აფხაზ და ოს ხალხთან პირდაპირი დიალოგი, ვოლსკიმ აღნიშნა – „სამწუხარო ომის, სამწუხარო დანაკარგების შემდეგ ,ეს ურთიერთობა აღარ განვითარებულა, თუმცა დღეს არ არის იმის მოლოდინი, რომ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა გვექნება. ეს არის მხარეებს შორის ურთიერთობა იმ საპასუხისმგებლო საკითხებზე, რასაც ჰქვია ჩვენი მომავალი თაობების ბედი“.