გია ვოლსკი - გიორგი გახარიას გადადგომის საკითხი პოლიტიკური მოთხოვნაა და არ ეხება დამოკიდებულებას, რომელიც ყველას გვაქვს ადამიანების დაშავების გამო
გია ვოლსკი - გიორგი გახარიას გადადგომის საკითხი პოლიტიკური მოთხოვნაა და არ ეხება დამოკიდებულებას, რომელიც ყველას გვაქვს ადამიანების დაშავების გამო

არანაირი პიროვნული პრეტენზია არ გვაქვს მათთან, ვინც თანამდებობიდან შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვს, უბრალოდ პოლიტიკურ მიზნად აქვთ დასახული, გააიგივონ და ტოლობის ნიშანი დასვან თავის დანაშაულებსა და სავალალო შედეგებს შორის, რომელიც 20-21 ივნისს მოხდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

ვოლსკის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობამ ხალხის მიმართ დანაშაული არაერთხელ ჩაიდინა, მათ შორის 2011 წლის 26 მაისს.

„ეს იყო ხელისუფლების მიერ საგანგებოდ განხორციელებული ოპერაცია, რასაც მოჰყვა წამება, დამცირება, ადამიანების სიკვდილი და ჭირისუფლისთვის იმის დაშლა, რომ კუბოსთვის თავი აეხადათ. ეს იყო რეალობა და სახელმწიფოს დამოკიდებულება. ეს იყო სისტემური დანაშაული, რომელიც ხელისუფლებამ ჩაიდინა.

ამ შემთხვევაში კი, არ გვაქვს პოლიტიკური დონიდან ჩადენილი დანაშაული. ამ შემთხვევაში, გადაცდომები გვაქვს, რაც მოჰყვა არა მხოლოდ მიტინგის დაშლას, არამედ სახელმწიფო უწყებაზე შეტევის მოგერიებას. ეს არის განსხვავება და ჩვენი პრინციპული პოზიცია აქ არის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნა პოლიტიკურია.

„თანამდებობიდან გადადგომის საკითხი არის პოლიტიკური მოთხოვნა და იმ დამოკიდებულებას არ ეხება, რომელიც ყველას გაგვაჩნია კონკრეტული ადამიანების დაშავების გამო. ეჭვი მეპარება, კონკრეტული ადამიანების ჯგუფი რამეს განიცდის იმის გამო, რაც თანამოქალაქეებს მოუვიდათ სავალალო ჯახის დროს, რომელსაც ადგილი ჰქონდა პოლიტიკური პარტიის ლიდერობითა და ორგანიზებით”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.