გია ვოლსკი - გავრილოვის თემამ ჩაიარა და ვერანაირი გავლენა ვერ იქონია საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, პოლიტიკური ფასიც გადაიხადა კონკრეტულმა პოლიტიკურმა ჯგუფმა
გია ვოლსკი - გავრილოვის თემამ ჩაიარა და ვერანაირი გავლენა ვერ იქონია საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, პოლიტიკური ფასიც გადაიხადა კონკრეტულმა პოლიტიკურმა ჯგუფმა

გავრილოვის თემამ ჩაიარა და ვერანაირი გავლენა ვერ იქონია ვერც საშინაო და ვერც საგარეო პოლიტიკაზე და  პოლიტიკური ფასიც გადაიხადა კონკრეტულმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა დადგენილების პროექტების შესახებ, რომელიც პარლამენტში 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით არის წარდგენილი.

ვოლსკის თქმით, შეცდომა ყველამ აღიარა და „ქართულმა ოცნებამ“ სერიოზული პოლიტიკური პასუხისმგებლობაც აიღო.

გავრილოვის თემაზე ყველა აღიარებს, რომ ეს იყო შეცდომა, არასწორი საქციელი და საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო „ქართულმა ოცნებამ“ – თანამდებობიდან გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე. თვალნათელია ამ თემით იმის მცდელობა, რომ ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები გადაფარონ, რაც მოხდა. ამ თემით იმ დანაშაულის გადაფარვა, რასაც ჩადიოდნენ სახელმწიფოს წინააღმდეგ, მცდელობაა, რომ ეს განუკითხაობა კიდევ შეინარჩუნონ და რევოლუციური სცენარი კიდევ გაიმეორონ, როცა ამის ძალა კიდევ ექნებათ, რაც არ მგონია, მაგრამ დადგენილების პროექტების შინაარსი სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რომ დღის წესრიგში შეინარჩუნონ რევოლუციური სცენარი“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მისი შეფასებით, სახელმწიფოს წინააღმდეგ საკმაოდ მასშტაბური დანაშაული იქნა ჩადენილი.

„სამწუხაროა, რომ პარლამენტარების ნაწილი ამას ხელს უწყობდა და მათი ქმედებები საკმაოდ საეჭვოა, თუმცა შეიძლება,  კრიმინალი არ იყოს იმაში, რომ პარლამენტარი პარლამენტში იმყოფებოდა, მაგრამ ძალიან საეჭვო ქმედებების ჩამდენ ადამიანებს პრეტენზია აქვთ, შეაფასონ ის, რასაც 20-21 ივნისის მოვლენები ჰქვია“, – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ აქცენტი უნდა გაკეთდეს დროულ გამოძიებაზე და ყველაფერს წერტილი დაესვას, საზოგადოებას უნდა უნდა ჰქონდეს განცდა, რომ გამოძიება სრულყოფილად დასრულდა და სასამართლომ გამოძიების მიერ პროფესიონალურად შედგენილ მასალებზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება.

საკანონმდებლო ორგანო 20 ივნისს პარლამენტის სასახლის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დადგენილების სამ პროექტს სექტემბრის ბოლომდე განიხილავს. ერთი პროექტი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ არის მომზადებული, მეორე – „ნაციონალური მოძრაობის“, მესამე კი – „ევროპული საქართველოს“.