გია ვოლსკი - გასაკვირია, დღეს ყველა ვირუსოლოგი და ეპიდემიოლოგი გახდა
გასაკვირია, დღეს რა ყველა ვირუსოლოგი და ეპიდემიოლოგი გახდა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა.
„ექიმებს არ ვუტევთო და რას ჰქვია, არ უტევენ?! მკურნალობის პროტოკოლი ჩვენი ექიმების ჩამოყალიბებულია და მოდით, სტატისტიკით ვიმსჯელოთ. რა, შედეგით არ ითვლება ყველაფერი?! ჰოდა, თუ შედეგებით ვიმსჯელებთ, არც ისე ცუდი შედეგი გვაქვს, თუ არა საუკეთესო. ამ ტესტირებასთან დაკავშირებით კიდევ, სამხრეთ კორეა აწარმოებს ამ ტესტებს და მათ მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილის ტესტირება გააკეთეს. მეორეც, ტესტირება იმას არ ნიშნავს, რომ ხელი ჩამოგართვა და დამტკიცებულია, რომ შენ არაფერი გაქვს. შეიძლება, აღმოგაჩნდეს. იქ ლაბორატორიული კვლევებია და მოკლედ, მთელი სქემა და სისტემაა. ამ თემებში ისე შემოდიან და გადიან, გეგონება, იმ საკითხების ექსპერტები იყვნენ. რასაც ჩვენი ჯანდაცვის სისტემა გვეუბნება, ის არის ნამდვილი და სწორი, დანარჩენი კი ყველაფერი პოლიტიკური სპეკულაციებია“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ამ განცხადებით გია ვოლსკიმ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, არის თუ არა ჩავარდნა ტესტირების იმ პროტოკოლში, რომელსაც საქართველომ მიმართა, რაზეც ოპონენტები მუდმივად აპელირებენ.
როგორც პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ და რიგი პოლიტიკოსების ორიენტირი არის არჩევნები და მათი განცხადებები სწორედ აქედან გამომდინარეობს.
„ნაციონალური მოძრაობის“ თუ სააკაშვილის კლასტერში დაგროვდა საკმაოდ ბევრი ადამიანი, რომლებსაც რასაკვირველია, თავიანთი დრო აქვთ ეთერში და ისინი არჩევნებზე ორიენტირებით გამოდიან. ეს არის ძალიან მძიმე სურათი. აღარ მახსოვს ვინ, მაგრამ ვიღაცამ დაწერა, რომ მთელი მსოფლიო კორონავირუსს ებრძვის, ჩვენთან კი ექიმებს ებრძვიანო. ეს რეალობა ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა ვოლსკიმ.
მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ბევრმა ბოლომდე ვერ გაითავისა ის საშიშროება, რომლის წინაშეც დგას არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო.
„შეიძლება, ზოგმა მეტად და ზოგმა ნაკლებად, მაგრამ როგორც ჩანს, ჩვენ მაინც ვერ გავითავისეთ ის, თუ რა საშიშროების წინაშე ვდგავართ. ჩვენ კი არა, მთელი მსოფლიო და ჩვენ ვართ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, ერთ-ერთი ფრთა ამ ბრძოლის, რომელსაც მსოფლიო აწარმოებს. ამასთან დაკავშირებით პროპაგანდისტული განცხადებები უადგილო მგონია. რადგან, თუ ჩვენ ლეტალობის შედეგი ნაკლები გვაქვს და გარდაცვლილი ადამიანები სხვა მძიმე დაავადებებს ატარებდნენ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გავრცელება ჩვენთვის პრობლემა არ არის. დიდმა გავრცელებამ შეიძლება, გამოიწვიოს ის, რომ შესაძლოა, ჯანდაცვის სისტემა იმდენად გადაიტვირთოს, ჩამოიშალოს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.