გია ვოლსკი - გამოქვეყნებული მასალების საფუძველზე, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ არ იმსახურებს ასეთ დამოკიდებულებას, „ნაციონალური მოძრაობის“ შემთხვევაში კი, დანაშაულების მთელი ჩამონათვალია
გია ვოლსკი - გამოქვეყნებული მასალების საფუძველზე, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ არ იმსახურებს ასეთ დამოკიდებულებას, „ნაციონალური მოძრაობის“ შემთხვევაში კი, დანაშაულების მთელი ჩამონათვალია

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ვითარება ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

ვოლსკის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ შემთხვევაში სახეზეა დანაშაულების ამსახველი ფაქტები, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მიმართ კი, გამოქვეყნებული მასალების საფუძველზე, ადგილი აქვს უსამართლობას.

„პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ არ იმსახურებს ასეთ დამოკიდებულებას იმ მასალების საფუძველზე, რაც გამოქვეყნდა. ასეთ დამოკიდებულებას უსამართლობა ჰქვია. თან დაიწყეს მასობრივად ჩხრეკა, დაკავება, გამოკითხვები ადამიანების, რომლებიც მმართველი გუნდის მიმართ სოციალურ ქსელში კრიტიკულ მოსაზრებებს გამოთქვამენ. ვიდრე კოალიცია შედგება, შოლცის სისტემა მართავს ქვეყანას. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, მის შემთხვევაში ფაქტების, დანაშაულების მთელი ჩამონათვალია. ეს ვითარება ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

ჩვენს წარმოდგენაში გერმანია დემოკრატიის მხარში მდგომი ქვეყნის მაგალითი იყო. გერმანიისადმი ამერიკის ახალი ადმინისტრაციის კრიტიკა უკვე ხისტი და ხშირი გახდა. ჩვენ მიმართ გერმანიის ელჩის, მით უმეტეს, შოლცის პარტიის კრიტიკა საფუძველს მოკლებული, უსამართლო და ორმაგი სტანდარტის აშკარა მაგალითია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

გერმანიაში პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მემარჯვენე ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს. შესაბამისი გადაწყვეტილება კონსტიტუციის დაცვის ფედერალურმა ოფისმა (BfV) მიიღო. პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალური უწყების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.