გია ვოლსკი - ფსკერს ჩასცდა პროპაგანდა, რომელიც „ნაცმოძრაობას“ აქვს, თურმე ოკუპაციასა და აგრესიაზე არ ვსაუბრობთ, რასაც პრემიერი ამბობს, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ნათელია
გია ვოლსკი - ფსკერს ჩასცდა პროპაგანდა, რომელიც „ნაცმოძრაობას“ აქვს, თურმე ოკუპაციასა და აგრესიაზე არ ვსაუბრობთ, რასაც პრემიერი ამბობს, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ნათელია

ფსკერს ჩასცდა ის პროპაგანდა, რომელიც „ნაცმოძრაობას“ აქვს, თურმე ჩვენ ოკუპაციასა და აგრესიაზე არ ვსაუბრობთ, რეალურად, რასაც პრემიერი ამბობს, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ნათელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, საქართველო ეკონომიკურ სანქციებსა და შეიარაღებულ კონფლიქტში თუ არ ერთვება, როგორც მხარე, ეს განპირობებულია ქვეყნის ინტერესით.

„ანტიპროპაგანდის გარკვეული წესები არსებობს, რასაც, რაც არ უნდა უტიფარი იყო, მაინც რაღაც ფორმა აქვს, მაგრამ უკვე ფსკერს ჩასცდა ის პროპაგანდა, რომელიც „ნაცმოძრაობას“ აქვს, თურმე ჩვენ ოკუპაციასა და აგრესიაზე არ ვსაუბრობთ. რეალურად, რასაც პრემიერი ამბობს, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ნათელია. ზოგს არ უნდა, რომ ეს დაიჯეროს, თუ სიღრმისეულად არ იცნობს საკითხებს, მაგრამ ყველაფერი ზედაპირზე დევს – რუსეთის აგრესია მნიშვნელოვანწილად განაპირობა იმ დანაშაულებრივმა შეცდომებმა და ალბათ მოღალატეობრივმა პოზიციამ, რაც იმ პერიოდის ხელისუფლებას გააჩნდა, რომელმაც პირდაპირი მნიშვნელობით გადახია საგზაო რუკა, რომელიც ამერიკასა და ევროკავშირს გააჩნდა და რომელსაც საკმაოდ მაღალი ინტენსივობით და შედეგიანობით მივყვებოდით. 2006 წლის ივლისიდან მოყოლებული იმდენი საოცარი და საეჭვო ე.წ. შეცდომა იყო დაშვებული, სხვას ვერაფერს ვიტყვი, გარდა იმისა, რომ აქ კონსპირაცია არსებობდა და „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებამ ხელი შეუწყო ტერიტორიების ოკუპაციას.

რაც შეეხება დღევანდელ დღეს და რუსეთის აგრესიას, რასაკვირველია, უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა უცვლელია სამართლებრივი და ჰუმანიტარული თვალსაზრისით. თუ ეკონომიკურ სანქციებსა და შეიარაღებულ კონფლიქტში არ ვერთვებით, როგორც მხარე, ეს განპირობებულია ჩვენი ინტერესით, რაც გაგვაჩნია“, – განაცხადა ვოლსკიმ.