გია ვოლსკი - ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრაზე ყველა იმ საკითხზე ვისაუბრეთ, რომელიც დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებას ეხება
გია ვოლსკი - ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრაზე ყველა იმ საკითხზე ვისაუბრეთ, რომელიც დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებას ეხება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრაზე ყველა იმ საკითხზე ისაუბრეს, რომელიც დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებას ეხება.

მისი თქმით, ოპოზიციის ყველა წარმომადგენელს ჰქონდა საშუალება, სხვადასხვა საკითხის მიმართ თავისი დამოკიდებულება გამოეხატა.

„ვისაუბრეთ საარჩევნო სისტემის ცვლილებებზეც. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ჩვენი ურთიერთობები იქნება უფრო ფართომასშტაბიანი და სიღრმისეული. გერმანული საზოგადოება მზადაა ამისთვის და არა მხოლოდ პოლიტიკური ისტებლიშმენტი. ასე რომ, ვფიქრობ, კარგი და საქმიანი შეხვედრა იყო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

გია ვოლსკის განცხადებით, გერმანიის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის მიზანი არის ორმხრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური და მეგობრული ურთიერთობების განვითარება.

„2008 წელს იყო შეთავაზება და მაშინ არ იყო პოლიტიკური ნება, რომ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის წინადადებები იმ ძალიან გავარვარებულ სიტუაციაში მიღებულიყო. თუმცა ამჯერად არანაირი მოსაზრებები მას არ გაუზიარებია. მისი ვიზიტის მიზანი არის ორმხრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური და თუნდაც ადამიანური, მეგობრული ურთიერთობების განვითარება. ის ხვალ მივა საოკუპაციო ხაზთან და განცხადებას გააკეთებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

გერმანიის პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად საქართველოს გუშინ ეწვია. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი დღეს შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს. გერმანიის პრეზიდენტიდელეგაციასთან ერთად გმირთა მოედანს ეწვია და საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ამასთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ქართულ-გერმანულ ბიზნესფორუმში მიიღებს მონაწილეობას, შეხვდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს და ამით გერმანიის პრეზიდენტის რანგში, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტის პირველი დღე დასრულდება. შემდეგ სტუმარი კახეთში გაემგზავრება, სადაც სახელმწიფო ვახშამი პირველად გაიმართება. ხვალ ფრანკ ვალტერ-შტაინმაიერი კონფლისქტისპირა სოფლებს ესტუმრება, ასევე დაგეგმილია კულტურული ტური.