გია ვოლსკი - ფასებთან დაკავშირებით პროპაგანდა ვერ იმუშავებს, თაღლითი ადამიანები ხალხს ელაპარაკებიან იმაზე, რასაც თავიანთი მმართველობისას ყურადღებას არ აქცევდნენ, მათ როზნერი წარმატებას ვერ მოუტანს
გია ვოლსკი - ფასებთან დაკავშირებით პროპაგანდა ვერ იმუშავებს, თაღლითი ადამიანები ხალხს ელაპარაკებიან იმაზე, რასაც თავიანთი მმართველობისას ყურადღებას არ აქცევდნენ, მათ როზნერი წარმატებას ვერ მოუტანს

ფასებთან დაკავშირებით პროპაგანდა ვერ იმუშავებს. ყალბი, თაღლითი ადამიანები ხალხს ელაპარაკებიან იმაზე, რასაც თავიანთი მმართველობის პერიოდში ყურადღებას არ აქცევდნენ, მათ როზნერი წარმატებას ვერ მოუტანს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

ვოლსკის შეფასებით, ამ სახის პროპაგანდა ვერ იმუშავებს.

„კამპანია გაცილებით ბინძურია, ვიდრე შეიძლება, ერთი შეხედვით მოგვეჩვენოს. ფასების პრობლემაზე აპელირებენ ის ადამიანები, რომლებიც ნულოვანი სოციალური დახმარებით ედგნენ მხარში საზოგადოებას. ხალხს მინიმალური ჰქონდა ხელფასიც, შემოსავალიც და სოციალური დახმარების პაკეტი საერთოდ ნულოვან დონეზე იყო.

კვლევა გვიჩვენებს, რომ, მსოფლიო ფასებთან შედარებით, საქართველოში საკმაოდ შეღავათიანი მდგომარეობაა. ეს პრობლემის არარსებობაზე არ მიუთითებს, მაგრამ გადახედეთ, რამხელა შეღავათები აქვთ მედიკამენტების, ჯანდაცვის, სასკოლო და საბავშვო ბაღის, უმაღლესი განათლების კუთხით. უამრავის ჩამოთვლა შეიძლება, რითიც სახელმწიფო საზოგადოებას ეხმარება, გვერდით უდგას.

ეს ადამიანები მილიონებს ხარჯავენ რეკლამისთვის და არცერთს არასდროს, არანაირი მონაწილეობა არ აქვს მიღებული საზოგადოებისთვის რაიმე სიკეთის გაკეთებაში. მსოფლიოში ეკონომიკური პრობლემები რომ არსებობს, ნათელია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა არის ისიც, თითქოს მათ დაიწყეს ამ თემაზე საუბარი. „ქართული ოცნება“ რაც ხელისუფლებაში მოვიდა, მას შემდეგ იქმნება სამუშაო ადგილები, ხორციელდება უშველებელი სოციალურ-ეკონომიკური პროექტები, საზოგადოებას შეუძლია, სერიოზულად იფიქროს ბიზნესის განვითარებაზე. ამ ყველაფერს ხომ უნდა გაუწიო ანგარიში, როდესაც ასეთ უტიფარ გადაწყვეტილებას იღებ, როზნერი იქნება თუ ნებისმიერი სხვა. დარწმუნებული ვარ, ამ სახის პროპაგანდა ვერ იმუშავებს და წარმატებას ვერ მიაღწევს. ესენი მძარცველები არიან. ხალხს ყალბი, ყალთაბანდი და თაღლითი ადამიანები ელაპარაკებიან იმაზე, რასაც თავისი მმართველობის პერიოდში საერთოდ ყურადღებას არ აქცევდნენ. რამდენი იყო პენსიონერების სესხზე პროცენტი, 150 პროცენტიდან 24 თუ 26 პროცენტამდე ჩამოვიდა. დღეს ისინი პენსიონერების გაჭირვებაზე საუბრობენ. ასე რომ, როზნერი მათ წარმატებას ნამდვილად ვერ მოუტანს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.