გია ვოლსკი - ფაქტია, რომ მანქანა ნაყიდია იმ ფულით, რომელიც ქართულ ჯარშია მოპარული, „ნაციონალურ მოძრაობაში“ რაც იციან, იმას აკეთებენ, კონკურენციის სხვა ფორმა ვერ წარმოუდგენიათ
გია ვოლსკი - ფაქტია, რომ მანქანა ნაყიდია იმ ფულით, რომელიც ქართულ ჯარშია მოპარული, „ნაციონალურ მოძრაობაში“ რაც იციან, იმას აკეთებენ, კონკურენციის სხვა ფორმა ვერ წარმოუდგენიათ

ფაქტია, რომ მანქანა ნაყიდია იმ ფულით, რომელიც ქართულ ჯარშია მოპარული, „ნაციონალურ მოძრაობაში“ რაც იციან, იმას აკეთებენ, კონკურენციის სხვა ფორმა ვერ წარმოუდგენიათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომელიც ლევან ბეჟაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

ვოლსკის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთმანეთთან არ იდავებენ ეკონომიკურ განვითარებაზე ან სოციალურ თემატიკაზე.

„რასაკვირველია, პარტიული დაპირისპირების გარეთ გამოტანა, გამჭვირვალეობა, საზოგადოების წინაშე ამ თემებზე საუბარი დემოკრატიულობას მიუთითებს, მაგრამ ამ დემოკრატიულობის ეგიდით იმდენი სიბინძურე გადმოინთხა, რომ სიტყვა დემოკრატიულობის ხსენება ამ პროცესთან მიმართებაში სერიოზული უხერხულობის მატარებელია.

რასაც ვუყურებთ, უკვე დიდი ხანია, პოლიტიკური პარტიის ადგილზე გარკვეული აგრესიული დაჯგუფების წარმოშობა მიმდინარეობს, რომელიც ძალისმიერ მეთოდებზეც წამსვლელია. გარკვეული რევოლუციური კომიტეტი იქმნება, რომელსაც საერთო არ აქვს პოლიტიკასთან, დემოკრატიასთან, გინდ წარსულის გამოცდილებით და გინდ არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით. მანქანის წარმოშობაზე რომ გითხრათ, ფაქტია, ნაყიდია იმ ფულით, რომელიც ქართულ ჯარშია მოპარული. ამ მოპარვას შეფასება სასამართლომ უკვე მისცა. რაც იციან, იმას აკეთებენ, კონკურენციის სხვა ფორმა ვერ წარმოუდგენიათ. ესენი ერთმანეთთან არ იდავებენ ეკონომიკურ განვითარებაზე ან სოციალურ თემატიკაზე. ამათი დავის საგანია ის თემები, რაც ახასიათებს კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას – სიბინძურე, რაც ბევრი არ ჩანდა, მაგრამ ვიცოდით და ახლა გარეთ გადმოინთხა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.