გია ვოლსკი - ევროპისთვის და დიდი მოთამაშეებისთვის, უპირველეს ყოვლისა აშშ-ისთვის, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა არის საგანგებო მნიშვნელობის არეალი
ჩვენს პარტნიორებს ესმით ამ ფორმატში საქართველოს გადარჩენის აუცილებლობა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„სიტყვას ვერ ვპოულობ, რათა სრულად გამოვხატო ის სიმძიმე და აუცილებლობა, რასაც ჰქვია თავისი სატრანზიტო რესურსით, ინტელექტუალური რესურსით და თუნდაც, თავისი ისტორიული მემკვიდრეობით პატარა საქართველოს გადარჩენა ამ ფორმატში. ვფიქრობ, ჩვენს პარტნიორებს ეს ესმით. ესმით, მაგრამ დასამალი არაფერია, რომ ყველა ქვეყანას აქვს თავისი ინტერესი. არის დამოკიდებულებების ერთობლიობა, რომელიც ექვემდებარება ან არ ექვემდებარება მთავარ პოსტულატს, რაც დღეს მსოფლიოს აქვს. თავისი რესურსით, თუნდაც სამომავლო ხედვითა და იმ პოზიციით, რაც ევროკავშირთან უკვე აქვს, იმსახურებს თუ არა საქართველო უსაფრთხოების უფრო მაღალ ხარისხს, ვიდრე დღეს აქვს? რასაკვირველია, იმსახურებს, მაგრამ მე ვერ ვიტყვი ყველა ქვეყნის მაგივრად და სახელით“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ამ განცხადებით გია ვოლსკიმ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, როგორია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საქართველოს მოლოდინი. მისი თქმით, ევროკავშირის ქვეყნებისთვის დღეს მთავარი ამოცანა უნდა იყოს იმ რეგიონის გადარჩენა, რომელიც სამომავლოდ ევროპის ენერგორესურსების მომარაგებისთვის დერეფანს წარმოადგენს.
გადაცემის წამყვან გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, გრძნობს თუ არა საქართველოს ხელისუფლება იმის მზადყოფნას, რომ ევროკავშირი ახლა მზად არის, უფრო მეტი აქცენტი გაამახვილოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე და არა სტანდარტზე ან პროცედურებზე, ვოლსკიმ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ამას ითხოვს და პასუხები ძირითადად, დადებითია.
„აქედან გამომდინარე, მოლოდინიც საკმაოდ პოზიტიურია. არსებობს პოლიტიკური ინტერესები, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინტერესები და არსებობს პერსპექტივის ხედვა, სადაც საქართველო, თავისი რესურსებით, ინტელექტუალური და გეოპოლიტიკური მონაცემებით, საგანგებო ინტერესების სფეროს წარმოადგენს, ემოციას რომ თავი დავანებოთ “, – განაცხადა ვოლსკიმ.
შეკითხვაზე, თუ დავუშვებთ, უკრაინა წევრობის კანდიდატი ხდება, არის თუ არა მზად ევროკავშირი, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს და კრიზისიდან გამოიყვანოს უკრაინა, რომელსაც უაღრესად დიდი ადამიანური, ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული და ა.შ. ზარალი აქვს, ვოლსკიმ აღნიშნა, რომ აქ საუბარია ორმხრივ ინტერესებზე.
„ევროპისთვის უკრაინის ამ მდგომარეობიდან გამოყვანა და გაძლიერება არის საკმაოდ მნიშვნელოვანი თემა. რუსეთის ინტერესია, უკრაინას რაც შეიძლება მეტი ზარალი მიაყენოს და იმედი აქვს, რომ დროთა განმავლობაში, განსაკუთრებით, ამ ენერგეტიკული შანტაჟიდან გამომდინარე, თავის ურთიერთობების რესტავრაციას მოახდენს, მაგრამ დამთავრდა – მსოფლიო არ იქნება ისეთი, როგორიც გუშინ იყო. აქედან გამომდინარე, მსოფლიოს ახალი ფორმულირებების ძებნა უწევს და ეს ახალი ფორმულები არსებობს აბსოლუტურად სხვა სტანდარტით, რაკურსით დანახული. ეს არის ის, რომ მიუხედავად იმისა, ვთქვათ, მე და არესტოვიჩი ერთმანეთს რას ვეტყვით, ევროპისთვის და დიდი მოთამაშეებისთვის, უპირველეს ყოვლისა აშშ-ისთვის, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა არის საგანგებო მნიშვნელობის არეალი“, – განაცხადა ვოლსკიმ.
გია ვოლსკიმ ასევე განაცხადა, რომ დიდი ხნის წინ, როდესაც საქართველო არჩევანის წინაშე დადგა, პრაგმატული გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ქვეყნის მომავლისთვის, მისი ახალგაზრდობისთვის, უსაფრთხოებისთვის, ეკონომიკისთვის და საერთოდ, განვითარებისთვის ის ადგილი, სადაც ის უნდა პოზიციონირებდეს.