გია ვოლსკი - „ევროპის სახალხო პარტიას“ გამოჰყავს ვინმე გლუკსმანი, რომელიც სააკაშვილის სფიჩრაითერი იყო
გია ვოლსკი - „ევროპის სახალხო პარტიას“ გამოჰყავს ვინმე გლუკსმანი, რომელიც სააკაშვილის სფიჩრაითერი იყო

„ევროპის სახალხო პარტიის“ წარმომადგენლები იმ რაოდენობის შეკითხვას სვამენ, რომელიც პრაქტიკულად დროში საშუალებას არ აძლევს ჩვენს დელეგაციას, დელეგაციის ხელმძღვანელს, ვიცე-სპიკერს, პასუხი გასცეს ამ შეკითხვებზე. ორი წუთიც კი არ იყო ამისთვის მიცემული, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ სხდომასთან დაკავშირებით, სადაც საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს.

მისი თქმით, საკმაოდ ნათელი სურათი დაიხატა.

„გამოჰყავთ ვინმე გლუკსმანი, რომელიც ცნობილი პიროვნებაა. იგი იყო სააკაშვილის სფიჩრაითერი და პრაქტიკულად მისი თანამშრომელი, ისევე, როგორც ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც უკრაინაში სააკაშვილის დაქვემდებარებაშიც კი მუშაობდა, როდესაც პოროშენკომ მრჩეველთა საბჭო შეკრიბა. ასე რომ, მიკერძოება ერთია, საკითხები სერიოზულია, მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველა საკითხზე არსებობს ძალიან ლოგიკური, დასაბუთებული პასუხები, რაც სამწუხაროდ, არ მოისმინეს და ალბათ სხვა ფორმა უნდა მოვძებნოთ, რომ ეს პასუხები ინტენსიურად და ხმამაღლა ისმოდეს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.