გია ვოლსკი - „ევროპის სახალხო პარტიას“ დემოკრატიის მანტია ის გარემოება ჰგონია, როცა ადამიანები იხოცებოდნენ, წამება, მოკვდინება დამახასიათებელი იყო იმ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც დღეს „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრები არიან?
გია ვოლსკი - „ევროპის სახალხო პარტიას“ დემოკრატიის მანტია ის გარემოება ჰგონია, როცა ადამიანები იხოცებოდნენ, წამება, მოკვდინება დამახასიათებელი იყო იმ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც დღეს „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრები არიან?

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) განცხადებაში რაზეც არის საუბარი, საქართველოში არსებულ რეალობას აბსოლუტურად სცილდება.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება და ასეთი შინაარსის განცხადება იყო ასოცირების ხელშეკრულების დადების დროს და ვიზალიბერალიზაციის მიღებისას.

„განცხადებაში რაზეც არის საუბარი, რეალობას აბსოლუტურად სცილდება. ამ განცხადების ტექსტს არ წერს „ევროპის სახალხო პარტია“, წერს „ნაციონალური მოძრაობა“. „ევროპის სახალხო პარტიამ“ შეიძლება ცოტა სიმწვავე დაამატოს, ისევე, როგორც გასულ წლებში ჰქონდა, მათ შორის 2015 წელს, როცა ვიზალიბერალიზაციაზე საქართველოს მოლაპარაკებები ჰქონდა ევროკავშირთან. სამწუხაროა, რომ უარგუმენტოდ არის ჩამოყალიბებული გარკვეული ფორმულირებები. გარკვეულწილად, „ნაციონალური მოძრაობა“ მაგარიც არის – ამდენი მედიასაშუალება აქვს, ამდენ ფულს ხარჯავს, ამდენი ლობისტი ჰყავს და თუ საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ გალაშქრება „სიმაგრედ“ ითვლება, ამ შემთხვევაში, შეიძლება, ვთქვათ, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებებში მაგარია, დახვეწილი, ჩამოყალიბებულია და კარგად არის ორგანიზებული, მათ შორის „ევროპის სახალხო პარტიის“ შემადგენლობაში. „ევროპის სახალხო პარტიის“ დემოკრატიის მანტია ის გარემოება ჰგონია, როცა ადამიანები იხოცებოდნენ, წამება და მოკვდინება ჩვეულებრივი ამბავი იყო და დამახასიათებელი იყო იმ ხელისუფლებისთვის, რომლებიც დღეს, „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრები არიან? – ყველამ ვიცით ფაქტები და ადამიანები, ვინც მოკლეს, აწამეს. კონკრეტული გვარები სტრასბურგმაც შეაფასა, კონკრეტული საქმეები არსებობს, რაზეც სტრასბურგის გადაწყვეტილებაა და მხოლოდ გირგვლიანის თემა რად ღირს. თუ ეს „ევროპის სახალხო პარტიის“ თვალსაზრისით დემოკრატიის სტანდარტია, მაშინ სერიოზული კითხვა მაქვს „ევროპის სახალხო პარტიასთან“ და ყველასთან, ვინც განცხადებაში რაც წერია, იმას მიიღებს, როგორც ფაქტს. კერძოდ, რამდენად სამართლიანია დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის მიმართ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ვოლსკი საუბრობს იმის თაობაზე, რომ თუ საზოგადოება გაიხსენებს „ევროპის სახალხო პარტიის“ იმ განცხადებებს, რომელიც ასოცირების შეთანხმების წინა პერიოდში და ვიზალიბერალიზაციის დროს ჰქონდა, მიხვდება, რომ ამ პოლიტიკური ჯგუფის მიზანია, ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაცია როგორმე დაბლოკოს.

„ამის მიზეზი, მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ ევროინტეგრაციიისკენ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი სერიოზული დარტყმაა „ნაცმოძრაობის“ ინტერესზე და მათთვის ბერკეტების გამოცლა, რომ დესტაბილიზაციის პროცესი განავითარონ. აქედან გამომდინარე არის გააფთრებული და გავეშებული შეტევა საქართველოზე“, – დასძინა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „ევროპის სახალხო პარტიამ“ (EPP), „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზებით, საქართველოს შესახებ განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო წლებში ევროპის სახალხო პარტია დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის ტენდენციას.