გია ვოლსკი - ევროპარლამენტის ანგარიში ცუდი არ არის, არის პოზიტიური ტენდენციები, მაგრამ ეს დამატებები დისონანსურია, როგორც მთლიანად მოხსენების კონტექსტში, ასევე რეალობასთან შესაბამისობაში
გია ვოლსკი - ევროპარლამენტის ანგარიში ცუდი არ არის, არის პოზიტიური ტენდენციები, მაგრამ ეს დამატებები დისონანსურია, როგორც მთლიანად მოხსენების კონტექსტში, ასევე რეალობასთან შესაბამისობაში

აშკარად გამოიკვეთა, რომ შეტევა ბიძინა ივანიშვილზე არის თემა, რომელიც მთავარი საკითხია შესწორებებში, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის შესწორებების შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„მთლიანად ანგარიში ცუდი არ არის, არის რაღაც პოზიტიური ტენდენციები, რაც საკმაოდ დამაჯერებლად წარმოაჩენს ქართულ პოზიციას ევროსივრცეში, მაგრამ ეს დამატებები დისონანსურია, როგორც მთლიანად ამ მოხსენების კონტექსტში, ასევე რეალობასთან შესაბამისობაში, რაც ჩვენს ქვეყანაში და არა მარტო ჩვენს ქვეყანაში არსებობს. აქ უკვე აშკარად გამოიკვეთა, რომ შეტევა ბიძინა ივანიშვილზე არის თემა, რომელიც მთავარი საკითხია შესწორებებში და თავისი შინაარსით უსამართლოა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შეტევა ადრეც მიმდინარეობდა, თუმცა ახლა კონტურები უფრო მკაფიოა და რიგი ევროპარლამენტარების მხრიდან გააფთრებული შეტევა მიმდინარეობს.

„მათ უნდათ, ბიძინა ივანიშვილი გახდეს პიროვნება, რომელიც თავის გავლენით მიუთითებს მმართველ გუნდს, რომ აუცილებელია, საქართველო მასშტაბური შეიარაღებული კონფლიქტის ნაწილად გადაიქცეს და ბიძინა ივანიშვილის იმედი აქვთ, რომ თუ მასზე ასეთი ინტენსიური შეტევა განხორციელდება, ის მოტრიალდება და საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ ბოლოს და ბოლოს, მიგვითითებს ჩვენ ყველას, სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა სფეროში დაკავებულ ადამიანებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ამასთან, ვოლსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინელ მაღალჩინოსნებს, რომლებიც საქართველოს ომში ჩართვისკენ თითქმის ყოველდღიურად მოუწოდებენ, ევროპარლამენტი ერთ-ერთ დამხმარე რესურსად სჭირდებათ.

„ვგულისხმობ ყველას, ზელენსკიდან დაწყებული, პოდოლიაკით დამთავრებული. თუნდაც, გონჩარენკო რომ არის, ნახევრად ფსიქოპატი. ადამიანები ყოველდღიურად მოუწოდებენ საქართველოს, რომ ჩაერთოს ომში და თუ არ ერთვება, ეს იმის ბრალია, რომ „ქართული ოცნებაა“ სათავეში და ეს უნდა შეიცვალოს. ეს არის თემა, რომლის შეკვეთაც მიღებული აქვს ევროპარლამენტს და მუდმივად ამ თემაზე მიმდინარეობს პედალირება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

გია ვოლსკიმ ასევე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის საკითხი არის თემა, რომელიც გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებს ყელზე დაადგა, რადგან აღარ არსებობს მართვის სისტემა, რომელიც კონკრეტულად სააკაშვილის პერიოდის ხელისუფლებასთან ერთად ჰქონდათ აწყობილი.

მისივე თქმით, ამ ჯგუფებს აქვთ მოლოდინი, რომ ევროკავშირის შესაბამისი სტრუქტურები თუ საქართველოს რეალურად დამსახურებულ კანდიდატის სტატუსს არ მისცემენ, საქართველოს მოსახლეობა აფორიაქდება და რევოლუციურ პროცესებს განავითარებს.

„აქვთ მოლოდინი, რომ იქნებ ამან გამოიწვიოს ისეთი ცვლილებები, რომელიც შემდგომ უკვე გამოყენებული იქნება სხვადახვა მიმართულებით“, – განაცხადა ვოლსკიმ.

როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, საქართველოს ომში ჩართვის იდეა არსებობს და ამ იდეის ორბიტაზე ტრიალებს მათ შორის „ნაციონალური მოძრაობა“.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორია საქართველოს ხელისუფლების სტრატეგია შექმნილ ვითარებაში, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ საქართველო საერთაშორისო პლატფორმებში პოზიციონირებს, როგორც ევროპის ნაწილი და საქართველოს მომავალი არის ევროკავშირში.

„ჩვენ რომ ვამბობთ, გვინდა ევროკავშირში, იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცას ვეპრანჭებით. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ საქართველოს მომავალს ვხედავთ ამ სისტემაში, თავისი როლით და ფუნქციით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.