გია ვოლსკი - ევროპარლამენტი ერთგვაროვანი არ არის და მიღებულია შესანიშნავი რეზოლუცია, რომელიც ახასიათებს საქართველოს გამოწვევებსაც და მიღწევებსაც
გია ვოლსკი - ევროპარლამენტი ერთგვაროვანი არ არის და მიღებულია შესანიშნავი რეზოლუცია, რომელიც ახასიათებს საქართველოს გამოწვევებსაც და მიღწევებსაც

ევროპარლამენტი ერთგვაროვანი არ არის და მიღებულია შესანიშნავი რეზოლუცია, რომელიც ახასიათებს გამოწვევებსაც და იმ მიღწევებსაც, რაც საქართველოს აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული შეთანხმების შესრულების ანგარიშის განხილვასთან დაკავშირებით განაცხადა.

„იყო საკმაოდ მწვავე განცხადებები. როგორც ჩვენმა საზოგადოებამ იცის, ეს არის განცხადებები პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლებისა, რომლებიც ერთ ოჯახში არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ეს არავის არ უკვირს, მაგრამ იყო საპირისპირო განცხადებებიც, რომ შიდა საქმეებში არ უნდა ჩავერიოთ, რომ ინფორმაციას გადამოწმება სჭირდება და ასე შემდეგ. ევროპარლამენტი ერთგვაროვანი არ არის და მიღებულია შესანიშნავი რეზოლუცია, რომელიც ახასიათებს გამოწვევებსაც და იმ მიღწევებსაც, რაც საქართველოს აქვს.

პოლიტიკური ცხოვრება გრძელდება. სამწუხაროდ, გამოწვევა ბევრია, გადასალახი სირთულეები არსებობს, მუშაობაა საჭირო და ვფიქრობ, რომ სწორ გზაზე ვართ. მთავარი შემფასებელი და მთავარი რეზოლუციის მიმღები არის ჩვენი საზოგადოება, რომელიც ოქტომბერში შეაფასებს, რომელი განცხადება და ქმედება არის სწორი და მართებული ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე დღეს ევროპარლამენტში იმსჯელეს.  ამ საკითხზე ესტონელი ევროდეპუტატის, სვენ მიქსერის მიერ მომზადებულო ანგარიში ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე მოისმინეს.