გია ვოლსკი - „ევრონესტის“ ასამბლეაზე არ ყოფილა კოორდინაციის პრობლემა, რეზოლუციაზე უარის მთავარი მიზეზია ოპოზიციის უცვლელი გეგმა დესტაბილიზაციის შესახებ
გია ვოლსკი - „ევრონესტის“ ასამბლეაზე არ ყოფილა კოორდინაციის პრობლემა, რეზოლუციაზე უარის მთავარი მიზეზია ოპოზიციის უცვლელი გეგმა დესტაბილიზაციის შესახებ

„ევრონესტის“ ასამბლეაზე კოორდინაციის პრობლემა არ ყოფილა, მთავარი საკითხია ოპოზიციის უცვლელი გეგმა, რომელიც დესტაბილიზაციას გულისხმობს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ვოლსკის თქმით, დოკუმენტზე ხელის მოწერით ოპოზიციას უნდა ეღიარებინა, რომ „სწორედ ხელისუფლება არის მოწოდებული ევროინტეგრაციის მიმართულებით“.

„არავითარი კოორდინაციის პრობლემა არ ყოფილა. აქ მთავარი თემაა მათი უცვლელი სტრატეგიული გეგმა, რომელიც გულისხმობს დესტაბილიზაციას, დაპირისპირებებს. რასაკვირველია, როგორც კი ხელს მოაწერდნენ ქართული დელეგაციის რეზოლუციის პროექტს, პრაქტიკულად, მათ უნდა ეღიარებინათ ის საგარეო კურსი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს. მათ უნდა ეღიარებინათ, რომ სწორედ ხელისუფლება არის მოწოდებული, ორიენტირებული ევროინტეგრაციის მიმართულებით. მიუღებელი იქნებოდა, ქართულ დელეგაციას მხარდამჭერებისა და მოკავშირეების ძებნა დაეწყო სხვა დელეგაციაში, როცა საკუთარ დელეგაციაში ხელი არ მოაწერეს. არის კიდევ უკრაინა, რომელსაც ეს საკითხი პირდაპირ ეხება. მათ მხარი არ დაუჭირეს, რადგან ისინიც იმ პოლიტიკის გამტარებლები არიან, რაც საქართველოში „ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

„ევრონესტის“ ასამბლეაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივაზე რეზოლუციის ინიციირება ვერ მოხერხდა ქართული ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის უარის გამო. ოპოზიციიდან დელეგაციაში შედიოდნენ: გიორგი ვაშაძე, გიორგი ბოტკოველი, ანა წითლიძე და თამარ კორძაია.